ივანიშვილი პრემიერობისთვის ლევან ვასაძეს ამზადებს?

“ქართული ოცნების” მამა, ბიძინა ივანიშვილი, გუნდში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მმართველი გუნდის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი სცენაზე ახალი ხალხის შემოყვანას აპირებს.
მმართველ გუნდთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ახალი სახეები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ხალხია. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად განიხილავს ლევან ვასაძის კანდიდატურას. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, შესაძლოა, მთავრობის მეთაურად ვიხილოთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილი ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანას ცდილობს. ამ თემაზე საუბარი პირველად 2013 წლის ზაფხულში დაიწყო.

იმ წელს ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა და შემცვლელს ეძებდა. იმ პერიოდში, როგორც ამბობენ, ის შეხვდა ვასაძეს და ამ თანამდებობის დაკავება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
რატომ არ მიიღო ვასაძემ ეს შეთავაზება, ცნობილი არ არის. მაშინ ამბობდნენ, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება. 2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მას წელსაც სურს, თუმცა თავისი მეგობრის გამო შესაძლოა სურვილები მოთოკოს. მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ლევან ვასაძის მეგობარს ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ამ განცხადებას მარგველაშვილი პარლამენტში გააკეთებს.

მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში უნდა წარმსდგარიყო. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე გამოდის. მარტი მიიწურა და ჯერ ისიც არაა ცნობილი, როდის გამოვა პარლამენტში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ მარგველაშვილი ხელსაყრელ დროს ელოდება, რათა პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება.

“ქართულ ოცნებას” პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეურჩევია. გუნდში ამბობენ, რომ არჩევნების წინ, ხალხის გულის მოსაგებად, სერიოზული სამთავრობო ცვლილებები იქნება. მართალია, კვირიკაშვილი ამბობს, პოსტზე მყარად ვზივარო, მაგრამ ისიც შეიცვლება. ოღონდ, მისი შემცვლელი ლევან ვასაძე არ იქნება.
“ახალი თაობის” წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს ვასაძის გაპრემიერება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქვს გადაწყვეტილი. ეს არჩევნები “ოცნების” მამისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საპრეზიდენტო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ვასაძეზე რამდენიმე მიზეზის გამო შეაჩერა არჩევანი. ამ ადამიანს სერიოზული კავშირები აქვს რუსეთთან. ის კრემლთან და რუსეთის საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია. ამასთან, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ის სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი პრორუსული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და მას ძალიან ჰყვარებია ამერიკა.

მთავარი მიზეზი კი, რისთვისაც ივანიშვილი ვასაძეს უჭერს მხარს, საპატრიარქოა. ლევან ვასაძე საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია. პატრიარქის მოსაყდრე – მეუფე შიო, მისი მეგობარია. ვასაძის გაპრემიერებით, ივანიშვილს იმ აზრის დამსხვრევა სურს, რომ ის საპატრიარქოს ებრძვის.

„ახალი თაობა“

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.