ივნისში რუსეთში სახალხო ამბოხი იფეთქებს – ქვეყნის მთავარი სოციოლოგიური კომპანიის პროგნოზი

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, თვითიზოლაციის გახანგრძლივების გამო, რუსეთში შესაძლოა უახლოეს მომავალში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს – ასეთ პროგნოზს აკეთებს ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ლევადა ცენტრის” ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი.

„დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში ჩვენ შეიძლება ვნახოთ პროტესტის კონკრეტული ფორმები, ადამიანების ქუჩაში გამოსვლა, ან სხვა ექსცესები, რომელიც იძულებით თვითიზოლაციასთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა გუდკოვმა.

მისივე თქმით, უკმაყოფილება მოსახლეობაში გროვდება და შესაძლოა ერთბაშად იფეთქოს. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოქალაქეთა 70%-ს არანაირი დანაზოგი არ აქვთ და ფინანსური რესურსები ერთ ან უკეთეს შემთხვევაში ორ თვეს ეყოფათ.

„ლევადა ცენტრის” ინფორმაციით, კოვიდ-19-ის გავრცელების ფონზე რუსეთის საზოგადოების აზრი ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. კერძოდ, გამოკითხულთა 46% პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, 48% კი უკმაყოფილოა იმ შეზღუდვებით, რომელიც მთავრობამ დააწესა მთელი ქვეყნის მასშტაბით:

„ერთ მხრივ, უკმაყოფილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხი შეზღუდვებს გადამეტებულად მიიჩნევს. მსგავსი აზრი ძირითადად შედარებით ახალგაზრდა და განათლებულ ჯგუფებშია, ასევე მოსკოვისა და სხვა მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს შორის. მათ მართლაც იგრძნეს რეჟიმის გამკაცრება”, – მიიჩნევს გუდკოვი.

მისივე განმარტებით, ნაკლებად უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ფენებისთვის შესაძლოა, მისაღები ყოფილიყო შემოღებული შეზღუდვები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ. გარდა ამისა, ასევე იზრდება უკმაყოფილება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და ეკონომიკური სფეროს არაფორმალურ სექტორში მომუშავეთა შორის:

„ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ძირითადად ორიენტირებულია მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერაზე და არ აქცევს ყურადღებას მცირე ბიზნესს იმ იმედით, რომ ხალხი თავად იპოვის გამოსავალს”, – ამბობს გუდკოვი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა მასობრივი უმუშევრობა, რომლის რეალური დონის განსაზღვრაც, გუდკოვის თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიზეზია თუნდა იც, რომ დაახლოებით 24-25 მილიონი მოქალაქე არაფორმალურადაა დასაქმებული და მათმა უმრავლესობა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სამსახური დაკარგა.

„ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ იჩინა თავი რუსეთში, რომელიც უმუშევრობის დონის ზრდასთან და საზოგადოების დასაქმებული ნაწილის უმუშევრად დარჩენის საფრთხესთანაა დაკავშირებული. მკვლევრის განმარტებით, რუსეთში უმუშევრობის დონის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ პირობებში მაჩვენებელი უფრო მეტად იზრდება.

ჩატარებული კვლევით ასევე გაირკვა, რომ მოქალაქეთა 30%-ს ხელფასი შეუმცირდათ, კიდევ 25%-მა ან უკვე დაკარგა სამსახური, ან ზუსტად იცის, რომ ახლო მომავალში დაკარგავს,

„მოსახლეობის გაღატაკებისა და უმუშევრობის დონის ზრდა მასშტაბურადაა მოსალოდნელი. ოფიციალური მონაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით მეტისმეტად შემცირებულია”, – ამბობს „ლევადა ცენტრის” ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, რუსეთის მოსახლეობა თვითიზოლაციის რეჟიმზე 28 აპრილს გადავიდა და პრეზიდენტი დადგენილების საფუძველზე სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის ვადა ჯერ 12 მაისამდე გაგრძელდა, რამდენიმე დღის წინ კი – დამატებით 31 მაისამდე.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.