კინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება

“თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება” – ასე პასუხობს აშშ-ის კონგრესში საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი “ამერიკის ხმის” შეკითხვას, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ კონგრესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

კინზინგერის თქმით, აშშ ძალიან განსხვავდება, მაგალითად, საქართველოსგან და იქ ძალაუფლება ერთ შტოში არაა კონცენტრირებული. 

“კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვთ. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ,”- ამბობს ადამ კინზინგერი. 

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, ის ცოტა ხნის წინ შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, და ისიც იმ პოზიციაზეა, რაზეც კონგრესმენები. 

“ძალიან დიდი ნდობა მაქვს ელჩის მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურს პოლიტიკური გამოსავლის პოვნა. მე მესმის, როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ,”- თქვა კინზინგერმა.

იმავე ინტერვიუში კინზინგერმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, “ბევრისთვის მოულოდნელი იქნება” ის, რასაც აშშ გააკეთებს. 

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილები მიიღო, მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათთვის სახელმძღვანელო თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციებია და არა ცალკეული კონგრესმენების. 

“ჩვენთვის აქ სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგოც ელჩის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან,”- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. 

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, კი “ობიექტური დასკსვნის გამოსატანად” პოლიტიკოსებს და “არა მარტო მათ” ურჩია, ესარგებლათ არა “კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური განცხადებით”, არამედ აშშ-ის ბოლოდროინდელი პოზიცით. 

“მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და ა.შ.” – თქვა ქართული ოცნების მამუკა მდინარაძემ. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.