კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებისა და ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. კონგრესის ქვედა პალატის წევრი, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენს აცხადებს, რომ ვაშინგტონში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების საკითხი და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღელვებთ. ადამ კინზინგერისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ენდიაისა და აიარაის მიმართ და ამგვარ თავდასხმებს არაგონივრულ ნაბიჯს უწოდებს.

„როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი მმართველმა პარტიამ ჩემთან შეხვედრაზე ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე, რომ კანონპროექტს მიიღებდნენ. მაგრამ როდესაც ვნახე, რომ ის ბოლო წუთებში ჩავარდა, საკმაოდ იმედგაცრუებული და გაკვირვებული დავრჩი.  მესმის, რატომ არის ნაწყენი ქართველი ხალხი. ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებას და გამოსავალი მონახოს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ.  მსურს შესრულდეს დაპირება, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით იქნა აღებული. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. მისი მომავლისთვის დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“, – ეს განცხადება კონგრესმენმა ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოპოზიციური პარტიების წევრები კი უკვე რამდენიმე დღეა ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ. კონგრესის გარდა, ქართველი ოპოზიციონერები სახელმწიფო დეპარტამენტშიც იმყოფებოდნენ და მაიკ პომპეოს თანაშემწესთან  ჯორჯ კენტთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მათ შეხვედრები ჰქონდათ ატლანტიკურ საბჭოში, ჰერითიჯის ფონდსა და ჰელსინკის კომისიაშიც.

როგორც „ფორმულას“ ოპოზიციური პარტიების დელეგაციის წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა იცოდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო დეტალურად იცოდნენ ბოლო პერიოდის განვითარება. კერძოდ, ის ძალადობის ხერხები, რასაც ხელისუფლება მიმართავს. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკურ პატიმრებზეც. ხელისუფლება სასამართლოს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ვაშინგტონის  მწვავე კრიტიკას დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ენდიაისა და აიარაის საქმიანობის მიმართაც უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს მეგობრებს აღელვებთ ქვეყნის დასავლური მომავალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კრიზისით ზიანდება. 

ქვეყანაში არსებულ კრიზისზე  საუბარი ვაშინგტონში დღესაც გაგრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებს ბრუკინგზის ინსტიტუტსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართავენ.

 “ფორმულანიუსი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.