კონგრესმენები არაობიექტურები არიან – დეპუტატ ლურსმანაშვილის რჩევები კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს – პოლიტიკირი იდიოტიზმის მწვერვალი?

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი “2020NEWS“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში არსებულ პროცესებს ობიექტურად ვერ აფასებს.

ამასთან, როგორც დეპუტატი სააგენტოსთან აღნიშნავს, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულვა პოლიტპატიმარი არ არის, რაც ევროპარლამენტარებმა და კონგრესმენებმა კარგად უნდა გაიაზრონ. 

კობა ლურსმანაშვილი: ჩვენ საქართველოს თანამეგობრობისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, მათ შორის, კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების პოზიციას პოზიტიურად ვხვდებით და ვიზიარებთ. თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც სჯობს, რომ განცხადებები ცხელ გულზე არ გაკეთდეს.

დაკავებული პირის პოლიტპატიმრის სტატუსით მონათვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. კარგი იქნება, თუ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები იმ თემებს, რომლებშიც მიაჩნიათ, რომ პრობლემებია, უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან.

-ბატონო კობა, ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ  კონგრესმენები და ევროპარლამენტარები არაობიექტურები არიან?

-იმ თემასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავა გახლავთ პოლიტპატიმარი, ნამდვილად არ არიან ობიექტურები. ეს არ არის სიმართლე. ბატონ გიგი უგულავას იმ სამართალწარმოების დროსაც მიაჩნდა თავი დამნაშავედ. მან, პარქტიკულად, დანაშაული პირველი და მეორე ინსტანციის დონეზე თავად აღიარა.

-როცა უგულავას საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი და მოსამართლე ერთი ადამიანია, არ გიჩნდებათ განცდა, რომ  უგულავასთან დაკავშირებული განაჩენი, შესაძლოა, შერჩევით სამართალს უკავშირდებოდეს?

-მე წარსულისკენ არასოდეს ვიცქირები, მაგრამ  უგულავას განაჩენი გამოუტანა უკვე ახალი სტატუსის მქონე პირმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც პროკურორი წარსულში იყო და მაშინ ჰქონდა აღნიშნულ საქმესთან კონტაქტი.

თუმცა უფრო მეტად ის მაინტერესებს, როდესაც წარსულზე საუბარი მიდის, წარსულში თადუმაძე პროკურორი იყოო,  წარსულში პროკურორები თვითონ ეგენი იყვნენ. უგულავა ოფიციალურად ქალაქის მერი კი იყო, მაგრამ პროკურორიც იყო და გადაწყვეტილებებიც გამოჰქონდა დარბევებთან, პირების დაკავებებთან და ქონების წართმევასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ახლა არიან და ხელისუფლებაში რომ იყვნენ,  მაშინდელ საკუთარ მოღვაწეობას გადახედონ, რამდენი პოლიტპატიმარი ჰყავდათ. თუკი ახლა რომელიმე პირის უფლება დაირღვევა, ამას ჩვენვე აუცილებლად გავაპროტესტებთ.

გაერთიანებულ ოპოზიციას არა აქვს სურვილი, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები დასრულდეს და შედეგი მივიღით, ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. გაერთიანებული ოპოზიციის სურვილია, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს. ისინი დაინტერესებული არიან მხოლოდ ერთი რამით, დესტაბილიზაცია იყოს ქვეყანაში და არეულობის ხარჯზე ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.

-არ ფიქრობთ, რომ დესტაბილიზაციის წინაპირობას მმართველი პარტია თავად ქმნის?! თუ ასე არაა, რატომ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამართავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ასე ერთსულოვნად კრიტიკულები?

-კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია იმ ნაწილში, რომელშიც საფუძველი არსებობს. იქ, სადაც საფუძველი არ არსებობს, ვერ ვიქნებით კრიტიკის მიმღები, განსაკუთრებით ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი სრულად არის ადეკვატური იმისა, რა დანაშაულიც ჩაიდინა.

პოლიტიკური პროცესებიდან უნდა გავმიჯნოთ სამართალწარმოება და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს უნდა მოვუსმინოთ. პირადად მე მზად ვარ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისისთვის, რომელიც შესაძლოა, შედგეს, თუკი ისინი გაიზიარებენ 100/50 -ზე შეთავაზებას.

-კომპრომისი იმ დაპირებაზე, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებაში“ თავად აიღეთ და მერე დაპირებული აღარ შეასრულეთ?

-ეს დაპირება იმიტომ გაიცა, რომ ქვეყანა ჩიხში არ შეგვეყვანა. ნაცვლად იმისა, რომ დაპირება სისრულეში მოგვეყვანა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი განეხორციელებინა.

მათთვის მნიშვნელობა არა აქვს საარჩევნო სისტემა პროპორციული იქნება, მაჟორიტარული თუ შერეული. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ და ცდილობენ, არეულობის გზით, შედეგს მიაღწიონ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.