კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დსთ-ს დაშლა იწყება

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არსებობამ აზრი დაკარგა, რადგან მის ფარგლებში უკვე ვეღარ ხერხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები კი ნაციონალურ ეგოიზმში ჩაიძირენ – ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს დსთ-ს დასასრულის დასაწყისს.

„ბელარუსი გარკვეულწილად განაწყენებულია კრემლის დამოკიდებულებით ბელორუსის მიმართ… ლუკაშენკოს მიერ ნათქვამი ფრაზა ცხადყოფს, რომ, პირველ ყოვლისა, ეს არის რუსეთისადმი მიმართული განცხადება. უმცა რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება გავლენის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, დსთ-ის შენარჩუნებით”, – ასე აფასებს „რეზონანასთან” საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტის, განცხადებას პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

მისი შეფასებით, ლუკაშენკო იმითაა უკმაყოფილო, რომ მისი ქვეყანა დსთ-საგან ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახულობს.

ლუკაშენკოს განმარტებით, დსთ-ამ მნიშნელოვანი მოლაპარაკებების პლატფორმის სტატუსი დაკარგა და მხოლოდ ერგანოზაციის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტების ფორმალური შეკრებისა და განცხადებების მიღების ფუნქციაღა დარჩა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა 3 აპრილს ტელერადიოკომპანია „მირ”-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.

მანვე დაამატა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ამჟამად უფრო ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე არიან ორიენტირებული, რომლისგანაც მილიარდობით დოლარის დახმარების მიღების იმედი აქვთ და ჩინეთიც უკვე ახორციელებს მასშტაბურ ინვესტიციებს ამ ქვეყნებში.

ინტერვიუს მსვლელობისას ლუკაშენკომ რუსეთის ფედერაცია ეგოიზმში დაადანაშაულა:

„ნაციონალურმა ეგოიზმმა მოიცვა ყველა, მათ შორის, თვით რუსეთიც”, – დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„რეზონანსთან” საუბრისას, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს განცხადების გამო დსთ-ის დაშლა არ არის მოსალოდნელი, თუმცა ამ განხცხადების გაკეთებისას ბელარუსის პრეზიდენტს სხვა მიზნები ამოძრავებდა:

„არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დაიშლება. რუსეთის მაინც შეეცდება გავლენის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის დსთ-ის შენარჩუნებით.

„თუმცა, ყურადსაღებია ლუკაშენკოს განცხადება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას ძალიან პრინციპული პოზიციები დაუფიქსირებია, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც – მიუხედავად მოსკოვის ზეწოლისა, პირდაპირ განაცხადა უარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ბელორუსი გარკვეულწილად განაწყენებულია კრემლის დამოკიდებულებით ბელორუსის მიმართ – მიუხედავად სამოკავშირეო ურთიერთობებისა, რუსეთს რამდენჯერმე ჰქონდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის მცდელობა ბელარუსზე.

„ბელარუსი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს დსთ-ის სივრცეში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ის გახლავთ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და ამავე დროს, დსთ-ის სივრცეში შექმნილი ეკონომიკური კავშირის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. ბელარუსი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი დსთ-ის შექმნისას. გარდა ამისა, ბელარუსი მხარს უჭერდა რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნასაც.

„მაგრამ ლუკაშენკოს ეს ბოლო განცხადება უკავშირდება იმას, რომ შედარებით გაცივდა რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობები. მინსკი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი დსთ-ს იყნებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის განსამტკიცებლად. გარდა ამისა, ბელარუსი ვერ ნახულობს ბევრ სარგებელს დსთ-გან”, – განმარტა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკიოსმა ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ლუკაშენკოს ფრაზას:

„თურქმენეთის პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება, არ იქნებოდა ისეთი მნიშნელობის, როგორიც ლუკაშენკოს მიერ ნათქვამია: თურქმენეთი ნეიტრალური სახელმწიფოა, რუსეთთან სახელმწიფო საზღვრები არ აქვს და რუსული ბაზები არ დგას იქ. მაგრამ ლუკაშენკოს მიერ ნათქვამი ფრაზა ცხადყოფს, რომ, პირველ ყოვლისა, ეს არის რუსეთისადმი მიმართული განცხადება.

„დსთ დღეს არ არის ერთიანი და მყარი ორგანიზაცია, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში არ არის ერთიანი საგარეო პოლიტიკური ხედვა, ცალკე შექმნილია ევრაზიული საბაჟო კავშირი და ცალკეა სამხედრო პოლიტიკური ბლოკიც. დსთ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით დაშლილია.

„რაც შეეხება ცენტრალურს აზიას, ლუკაშენკომ მართალია – თანდათან უფრო იზრდება ცენტრალური აზიის დამოკიდებულება ჩინეთზე. თუმცა, ამავე დროს, ყაზახეთი და ყირგიზეთის გარკვეულწილად ისევ რუსეთზე არიან დამოკიდებული”, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, თუ დსთ დაიშლება, საქართველოზე ამ ფაქტს მნიშნელოვანი გავლენა არ ექნება, თუმცა, შესაძლებელია პოზიტიური სიახლეები გამოიწვიოს:

„არ მგონია, რომ ამან ნეგატიურად ან პოზიტიურად იმოქმედოს საქართველოზე. საქართველო გავიდა დსთ-დან, თუმცა ვინარჩუნებთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან და პირველ ყოვლისა, რუსეთთან.

„დსთ-ს დაშლა, პრინციპში, უკეთესია საქართველოსთვის, რადგან გარკვეულწილად პოლიტიკური თვალსაზრისით მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა მცირდება პოსტაბჭოთა სივრცეზე. მაგრამ ლუკაშენკოს განცხადება არ ნისნავს იმას, რომ ხვალ-ზეგ დსთ დაიშლება. რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება გავლენის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, დსთ-ის შენარჩუნებით”, – დასძინა ნიკა ჩიტაძემ.

ტატა შოშიაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.