კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.

პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.

„ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება სწრაფად იზრდება და ეს მაშინ, როდესაც ყველაზე დატვირთული თვეები ჯერ კიდევ წინაა“ – განაცხადა მან.

ლოგუამ ასევე აღნიშნა, რომ ენგურ ჰესი წელიწადში 2 მლრდ. კვტ.ს. ხოლო ვარდნილ ჰესი – 450 მლნ.-ს გამოიმუშავებს. ამ რაოდენობიდან აფხაზეთმა 1,5 მლრდ. უკვე დახარჯა, რაც 360 მლნ.-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. და ეს ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში.

ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ნოემბერ-დეკემბერში, დატვირთვა ენერგოქსელებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„შესაძლოა გადამცემმა ხაზებმა დატვირთვას ვერ გაუძლონ და მიწოდების პერიოდული შეწყვეტა მოგვიწიოს. თუ დღევანდელი ტემპებით მოხმარების ზრდა გაგრძელდა, თებერვალში დეფიციტი 150 მლნ, კვტ.ს.-მდე გაიზრდება“ – განაცხადა მან.

შესაძლოა 1 ოქტომბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება განრიგით დაიწყოს – განაცხადა ლოგუამ.

ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა აფხაზებისთვის ახალი მოვლენა არაა – ეს ძირითადად ზამთრის ბოლოს ხდება, როდესაც წყლის დონე ჰესში მინიმუმამდე დადის. თუმცა, ოქტომბერში ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

შექმნილ ვითარებას ყველა ძირითადად კრიპტოვალუტების აქტიურ მოპოვებას უკავშირებს. აფხაზეთში ბოლო წლების მანძილზე, წარმოუდგენლად იაფი ელექტროენერგიის გამო უამრავი კრიპტოფერმა გაიხსნა,  მათი დიდი ნაწილი არალეგალურია და ენერგიის გადასახადს საერთოდ არ იხდის.

ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი გზაა სწორედ კრიპტოფერმების დახურვა. თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი, რეალურად კი არავინ იცის ეს როგორ უნდა გაკეთდეს.

18 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 5 ფერმის დახურვის თაობაზე, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

მთავრობა სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, სამაინინგო მოწყობილობის შემოტანა აიკრძალა, ფერმებს კი ენერგიის გადასახადი დაუწესდათ 1, 50 რუბლი კვტ.ს.-ზე, რაც სამომხმარებლო ტარიფზე თითქმის 3-ჯერ მეტია.

ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მასში ხომ საუბარი არა მაინინგის შეწყვეტაზე, არამედ ენერგორესურსების გამოყენების მოწესრიგებაზე.

ეს მთავარ პრობლემებს არ წყვეტს, მაინერები ელექტროენერგიის გადასახადს მაშინ არ იხდიდნენ, როდესაც ის 3-ჯერ ნაკლები იყო რატომ გადაიხდიან დღეს, როდესაც ახლა 3-ჯერ მეტია? გარდა ამისა, კანონი ბევრ პროცედურას გულისხმობს, რაც ჩინოვნიკებისთვის კორუფციის მძლავრი წყარო გახდება.

წლების მანძილზე მაინერებთან ბრძოლაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა საქმე წინ არ მიდის და გასაგებიცაა რატომ, მათ თითქმის ყველას, გავლენიანი მფარველი ყავს.

„ნახეს ფულის შოვნის იდეალური საშუალება, წევხარ შენთვის მხარ-თეძოზე, ფული კი თვითონ მოდის. საოცნებო ცხოვრებაა“ – წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

 

 ekhokavkaza

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.