ლეგენდა შავნაბადაზე – როგორ აწიოკებდა სპარსელებს იდუმალი შავნაბდიანი მხედარი

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული, მათ შორის ერთ-ერთი უძველესია შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს, რომელმაც 1795 წელს მთლიანად გაანადგურა თბილისი, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, იმ მთის ძირში დაბანაკებულა, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, სპარსელთა მოთარეშე ლაშქარი კი დაბანაკებული იყო მტკვრის მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღალ მთაზე. 

ლეგენდის თანახმად, ნაძარცვით დაბრუნებულ სპარსელთა ჯარს ყოველღამე საშინელი განსაცდელი ატყდებოდა თავს. შუაღამისას მათ ბანაკში ყიჟინით შეიჭრებოდა შავნაბდიანი მხედარი, ბანაკს  დააწიოკებდა, აყრიდა, მრავალს კი დახოცავდა. ასე შიშით დაზაფრულებს ტოვებდა ყოველღამე და გაუჩინარდებოდა.

სპარსელებმა შავნაბდიანი მხედრის დატყვევება გადაწყვიტეს. ჩაუსაფრდნენ ღამის მხედარს, მაგრამ ვერ შეიპყრეს. მისი მოკვლაც შეუძლებელი გახდა. საგონებელში ჩავარდნილმა აღა-მაჰმად ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა ბრძანა და საქართველო დატოვა. წასვლისას პირობა დაუდვია – მომავალ წელს კვლავ შემოვესევი საქართველოს და ქვას ქვაზე არ დავტოვებო.

მეორე დღეს ქართველთა დაშქარმა ეკლესიაში გამარჯვების პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში შესულმა მეომრებმა სასწაული იხილეს – შავნაბდიანი მხედარი მთლიანად გაბრწყინდა და წმინდა გიორგის სახით წარდგა მათ წინაშე. ქართველმა მეომრებმა მადლობა შესწირეს ქართველთა მფარველს. ეკლესიას წმინდა გიორგის სახელი ეწოდა, მთას კი, საიდანაც შავნაბდიანი მხედარი ეშვებოდა და მტერს ანადგურებდა, შავნაბადა დაარქვეს.

აღა-მაჰმად ხანმა დანაქადი ვერ შეასრულა. ერთი წლის შემდეგ, დააპირა რა საქართველოზე გამოლაშქრება, წინა დღეს საგულდაგულოდ დაცულ კარავში სპარსელების მბრძანებელი მახვილით განგმირული იპოვეს.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.