მარსს სიცოცხლისათვის საკმარისი ჟანგბადი აქვს – ახალი კვლევა

მარსის ზედაპირქვეშ არსებული მლაშე წყალში შემავალი ჟანგბადი საკმარისია იმ ტიპის მიკრობული სიცოცხლისათვის, რომელიც დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ აღმოცენდა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ზოგიერთ ადგილას, ჟანგბადის ხელმისაწვდომი ოდენობა საკმარისია პრიმიტიული, მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვისაც, მაგალითად ღრუბლების ტიპისთვის, წერია კვლევაში.

კვლევის ავტორის, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ფიზიკოსის, ვლადა სტამენკოვიჩის განცხადებით, მისმა ჯგუფმა გაარკვია, რომ მარსის მლაშე, მარილის მაღალი კონცენტრაციის მქონე წყალი საკმარის ჟანგბადს შეიცავს, რათა მიკრობებმა ისუნთქონ.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ მარსზე არსებული ჟანგბადის ნარჩენები მიკრობული სიცოცხლისთვისაც კი არასაკმარისი იყო.

როგორც სტამენკოვიჩი აღნიშნავს, მეცნიერებს არასოდეს მიაჩნდათ, რომ მარსზე სიცოცხლისთვის ჟანგბადს რაიმე როლის შესრულება შეეძლოთ, რადგან ეს აირი წითელი პლანეტის ატმოსფეროში მხოლოდ 0,14 პროცენტს შეადგენს.

მაგალითისათვის, სიცოცხლის მომცემი ჟანგბადის წილი დედამიწაზე 21 პროცენტია.

მაგრამ დედამიწა ასევე მასპინძლობს მიკრობებს — ოკეანის ფსკერზე, მდუღარე წყლებში, ჟანგბადით მწირ გარემოში.

„სწორედ ამიტომ, როცა მარსზე სიცოცხლის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის განვიხილავდით ანაერობული სოცოცხლის პოტენციალს“, — ამბობს სტამენკოვიჩი.

ახალი კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ მანგანუმის ოქსიდები აღმოაჩინა. ამ ქიმიურ ნაერთთა წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ დიდი ოდენობით ჟანგბადის თანხლებით.

მარსის ორბიტაზე მოძრავ ხომალდებთან ერთად, Curiosity-მ ასევე დაადასტურა მარილის დანალექების არსებობა. გაირკვა, რომ ისინი მრავალ სხვადასხვა ელემენტს შეიცავს.

მარსზე ტემპერატურა -195 –20 გრადუსებს შორის მერყეობს, რაც დამოკიდებულია რეგიონზე, სეზონსა და დღის მონაკვეთზე.

მკვლევრებმა შექმნეს მოდელი, რომელიც ხსნის, როგორ იშლება ჟანგბადი მლაშე წყალში ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გათვლების შედეგად დადგინდა, წითელი პლანეტის რომელ რეგიონებში უნდა იყოს მარილხსნარის წყალობით წარმოქმნილი ჟანგბადი. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია სამომავლოდ მარსზე გასაგზავნი ზონდების დასაჯდომ ადგილთა შესარჩევად.

კვლევის თანახმად, ჟანგბადის კონცენტრაცია წითელი პლანეტის ასეთ ადგილებში იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე აერობული, ანუ ჟანგბადის მსუნთქავი მიკრობებისათვის არის საჭირო.

როგორც კვლევის ავტორი, ვლადა სტამენკოვიჩი აცხადებს, მათი ნაშრომი არ ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს, მაგრამ აშკარად მიუთითებს, რომ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე დიდ გავლენას უნდა ახდენდეს დაშლილი ჟანგბადის პოტენციალი.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.