მედლინ მუნი: რუსეთი ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო

ლონდონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო დღეს რამდენჯერმე ახსენეს. თავის გამოსვლაში რუსულ ოკუპაციაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაჰყოს საქართველო. მან ორი კვირის წინ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და იმ ოჯახების გაუსაძლის ყოფაზე ისაუბრა, რომლებიც უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გამო დაზარალდნენ.

“ჩვენ ვიხილეთ კიბერთავდასხმა ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს. თუმცა ჩვენ 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა ძალა გამოიყენა თავისი მეზობლის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეშ დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისა და მათი ტერიტორიების არალეგალური ოკუპაციის დაგმობის საამაყო წარსული გვაქვს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ ეს 2017 წელს გავაკეთეთ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიის გამართვით და ამას გავაკეთებთ მომავალ წელსაც საგაზაფხულო სესიის კიევში გამართვით. მიმდინარე წელს მე ვიზიტით ვიმყოფებოდი როგორც თბილისში, ასევე კიევში, რათა მეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, რათა უშუალოდ მენახა თუ როგორ უმკლავდებიან საქართველო და უკრაინა რუსეთის პირდაპირ აგრესიას… რუსეთს სურს რომ ეს ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო. ამის გამო რუსეთი პერიოდულად სწევს საზღვარს, არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა”, – განაცხადა მედლინ მუნმა.

საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. “საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს”, – განაცხადა სტოლტენბრგმა ლონდონში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობა აქვს. მისივე განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქრთველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტები.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.