მიჩნდება კითხვები, აღელვებს თუ არა ივანიშვილს საქართველოს პროევროპული გზა – რასა იუკნიავიჩენე

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტარები დეკლარაციაში შესწორებებს შეიტანენ. როგორც „ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, შესწორებები ეხება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივ დევნას, დამოუკიდებელი მედიების მენეჯერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ანაკლიის პორტის პროექტს.

ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით იყო პროვოკაციული. რასა იუკნიავიჩენეს თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ქვეყნის პროევროპული გზა.

„საქართველოს მეგობრებს გვაქვს ერთმანეთს შორის კომუნიკაცია – არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. პირადად მე მიჩნდება კითხვები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აღელვებს თუ არა ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მისთვის ღირებული ევროპული ღირებულებები, რადგან ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. როგორც ჩანს სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ვშიშობთ, ამგვარი ნაბიჯები დააზიანებს იმიჯს. ჩვენ ნაწყენი ვართ, რადგან თქვენგან კარგ ამბებს ველოდებით, რადგან ცუდი ამბები მხოლოდ თვქენს დიდ მეზობელს ახარებს, შევხედავთ შესწორებების ნაწილს, ის უკვე მომზადებულია და მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო”, – აცხადებს რასა იუკნიავიჩენე.

საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიქსერი კი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. მისივე თქმით, უგულავას დაკავება აფერხებს მოლაპარაკებებს.

„შემაშფოთებელია, რომ კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ვიმედოვნებ, პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება და არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის, უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას. მომხდარი გაართულებს  წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ანდრიუს კუბილიუსი კი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ საქართველოს არასწორი გზით წასვლას. როგორც ის განმარტავს, კრიტიკა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან.

„ჩემმა კოლეგებმა დეკლარაციაში შესატანად მკაცრი ცვლილებები მოამზადეს. ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი კოლეგები სერიოზულად მიუდგებიან ამ საკითხს. ეს აჩვენებს, რამდენად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მეგობრები – ჩვენ არცერთ საქმეზე არ გავჩუმდებით. ჩვენი გაჩუმება იმის ნიშანი იქნება, რომ დავუშვათ, საქართველო ძალიან ცუდი გზით წავიდეს”, – ამბობს კუბილიუსი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.