მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მკვეთრად დაიკლო, თუმცა ეს საქართველოში დიდად არ ასახულა – რატომ არ აიაფებენ საწვავს მსხვილი ნავთობიმპორტიორები?

მსოფლიოში ნავთობი 22%-ით გაიაფდა და საქართველოში ფასი მხოლოდ მცირე ავტოგასამართმა სადგურებმა შეამცირეს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მკვეთრად დაიკლო, თუმცა ეს საქართველოში დიდად არ ასახულა. წლის დასაწყისში, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი იყო, გუშინდელი მონაცემებით კი – 51 დოლარი. კორონავირუსის გამო, თითქმის მთელი ორი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასმა დაახლოებით 22%-ით იკლო, ადგილობრივ ბაზარზე კი, შეღავათი მხოლოდ მცირე ავტოგასამართ სადგურებზეა. 

მცირე აგს-ებზე მართალია გაიაფება უკვე შეინიშნება, თუმცა ეს არ შეხებია დიდ ქსელებს. მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, დიდ ავტოგასამართ სადგურებზე ფასი უცვლელი რჩება. საქართველოში მცირე სადგურებზე საწვავის ფასმა 20-25 თეთრით იკლო. წლის დასაწყისში საწვავის ფასი 2.25 ლარს შეადგენდა. ამჟამად კი მისი ფასი 2.00-2.05 ლარია. 

დიდი გასამართი სადგურებიდან, “ლუკოილი” ერთადერთია, სადაც “რეზონანსს” უპასუხეს და უთხრეს, რომ მათთან საწვავმა გაიაფება დაიწყო. 

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაიაფდა. ფასმა რამდენით შემცირდა ვერ გეტყვით, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ნამდვილად გიდასტურებთ, რომ “ლუკოილის” ქსელში ფასმა იკლო”, – უთხრეს “რეზონანსს” “ლუკოილში”.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი და ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია, ამიტომ ფასი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა როდიდან ჰპოვებს საქართველოზე ბოლომდე ასახვას ჯერჯერობით უცნობია. 

სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოს დიდ გასამართ სადგურებზე მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება უმოკლეს ვადებში აისახება. 

სფეროს ანალიტიკოსი ბექა კემულარია აცხადებს, რომ 2 კვირის ვადაში, მსხვილ აგს-ებზე საწვავის ფასი 10 თეთრით დაიკლებს.

“საწვავის საერთაშორისო ფასი საკმაოდ შემცირებულია, ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარებულია და უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 2-კვირიან ვადაში უნდა ველოდოთ, რომ ერთი ლიტრი საწვავი 10 თეთრით გაიაფდება. 

საერთაშორისო ფასების კლება უფრო სწრაფად აისახება წვრილი კომპანიების ქსელში. ბაზრის ნახევარი მათზე მოდის და თუ ისინი შეამცირებენ ფასს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე ცვლილება დაწყებულია. 

ვფიქრობ, ახლა ჯანსაღი კონკურენციაა. ფასები შემცირებას კიდევ მეტად გააგრძელებს. ორკვირიან ვადაში 10 თეთრის ფარგლებში უნდა ველოდეოთ ფასების შემცირებას დიდ ქსელებშიც. ზოგადად კი კომპანიები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ, როდის რას მოიმოქმედებენ, ამაზე პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ”, – განუცხადა “რეზონანსს” კემულარიამ. 

ამჟამად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში ფასების შემცირება დიდ ბენზინგასამართ სადგურებზეც მოხდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გაიაფება ბრენდირებულ კომპანიებში აქამდეც უნდა მომხდარიყო. 

“ჩინეთში ეკონომიკური აქტივობა დაცემულია, ეს ქვეყანა კი არის ნავთობის მთავარი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია ფასების ვარდნა. ეს არის ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, თუ არაბრენდირებულ მცირე კომპანიებს დავაკვირდებით, მათ ფასების შემცირება ნამდვილად დაიწყეს. როგორც წესი, უფრო სწრაფად რეაგირებენ ხოლმე, რადგან არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ბაზარს საკუთარი თამაშის წესები უკარნახონ. სამწუხაროდ, ფასი თითქმის არ მცირდება ბრენდირებული კომპანიების ქსელში, თუ არ ჩავთვლით ბოლო ოთხთვიან მონაკვეთში, საშუალოდ, 10-თეთრიან ფასთასხვაობას. 

ეკონომიკური და გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, გაიაფება უკვე დაწყებული უნდა იყოს  და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. რამდენით და როდიდან გადადგამენ ბრენდირებული კომპანიები ამ ნაბიჯ, საკმაოდ რთული სათქმელია. ისინი არ ემორჩილებიან იმ საფასო და საბაზრო პრინციპებს, რომლებიც მოქმედებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბარზებზე”, – განაცხადა “რეზონანსთან” აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა. 

“რეზონანსი” გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დიდი ქსელური კომპანიებისგან მიეღო ინფორმაცია მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება როდიდან ჰპოვებდა ასახვას ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს თავს არიდებნდნენ.

გვანცა წულაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.