მხოლოდ 2019 წელს, ოკუპანტებმა, იმ ტერიტორიიდან, რომელიც არასოდეს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 12 მილიონი კვ.მ ტერიტორია მიიტაცეს

სკანდალი: ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მერვე წელია უკვე ოკუპანტთან ურთიერთობას “ალაგებს”, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ოკუპანტებს სრულიად უხმაუროდ ჩუქნის. 

მცოცავი ოკუპაცია ეს ის თემაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებით შესამჩნევი და დრამატული გახდა. 

იმის გამო რომ რუსეთის შესაძლო გაღიზიანებით შეშინებული ივანიშვილის ხელისუფლება ხშირად კრემლის მიმართ უბრალო კრიტიკასაც ვერ ბედავს, ოკუპანტებს უკვე ის ტერიტორიებიც მიაქვთ, რომლებიც ფორმალურადაც კი არასოდეს ყოფილან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, იგივე სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში. 

მაგალითად: რუსმა ოკუპანტებმა, მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში, ჩორჩანა-წაღვლი-პერევის მონაკვეთიდან, საშუალოდ 12 მილიონი კვ.მ ტერიტორია მიიტაცეს – სრულიად უხმაუროდ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე (ძირითადად ტყის მასივი).

შედარებისათვის: 12 მლნ კვ.მ ტერიტორია 1,200 ჰექტარია. 

თბილისის უდიდესი რეკრეაციული ზონის, ვაკის პარკის ტერიტორია კი, მხოლოდ 200 ჰექტარზეა გაშენებული.

შესაბამისად, გამოდის რომ მხოლოდ 2019 წელს, რუსმა ოკუპანტებმა, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ვაკის პარკზე 6-ჯერ დიდი ტერიტორია მიიტაცეს ჩორჩანა-წაღვლი-პერევის მიმდებარე ტყის მასივებიდან…

აღსანიშნავია რომ სოფლები: ჩორჩანა და წაღვლი შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხოლო პერევი, იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტში შედის. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსი ოკუპანტები და ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება, “საზღვრების გაფართოვების მიზნით”, ივანიშვილის კოლაბორაციონისტი ხელისუფლების წყალობით, წარმატებით ახერხებენ ისტორიული საქართველოს დანაწევრებას.

უფრო მეტიც, მაგალითად, თუ 2008-დან 2012 წლამდე, რუსმა ოკუპანტებმა, 4,5 კილომეტრზე გაავლეს საოკუპაციო ღობეები, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი სიგრძე 55 კილომეტრამდე გაიზარდა, რაც ასევე იმით არის გამოწვეული რომ ოლიგარქი, “უფროსი ძმის” გაღიზიანებას ერიდება და მზად არის მორჩილად დათმოს ყველაფერი, რასაც კრემლი მოითხოვს…

კიდევ ერთი დრამატული სტატისტიკა: 2012 წლამდე, რუსი ოკუპანტები წლიურად საშუალოდ 80 ადამიანს იტაცებდნენ. 

თუმცა, 2012 წლის ანუ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა და წლიურად, საშუალოდ, 130-ს მიაღწია. 

ასე გრძელდებოდა 2012 წლიდან 2017 წლამდე, ვიდრე ანტისაოკუპაციო მოძრაობა არ გააქტიურდა. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერების (დავით ქაცარავა, სხვები…) აქტიურობის შემდეგ კი, ერთი მხრივ, გატაცებული ადამიანების რაოდენობა შემცირდა (მაგალითად, 2018 წელს ოკუპანტებმა 100 ადამიანი გაიტაცეს) და მეორე მხრივ, მცოცავი ოკუპაციის მასშტაბებმაც იკლო… 

P.S: 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა. 

1921 წლის 25 თებერვალს, კრემლმა, ქართველი კოლაბორაციონისტების, სერგო ორჯონიკიძისა და სხვების დახმარებით, ჩვენი ქვეყანა დააჩოქა – მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად. 

სრული ოკუპაციისა და ანექსიიდან თავის დასაღწევად საქართველოს 70 წელი დასჭირდა.

70 წლის შემდეგ, ეროვნული მოძრაობის წყალობით, საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 

თუმცა, ახლა, 21-ე საუკუნეში, კრემლი ისევ ცდილობს საქართველოს დაჩოქებას – ისევ ქართველი კოლაბორაციონისტებისა და თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეების დახმარებით.

თუმცა, დღეს ამას გაცილებით უხმაუროდ და უმტკივნეულოდ, წინააღმდეგობისა და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ახერხებს – ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წყალობით.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.