ნათია თურნავამ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმო ოფიციალურად გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქ. თბილისში სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმო ოფიციალურად გახსნა.

100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში. ახალ საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo“.

„ახალი საწარმო მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე, უკვე ასაქმებს 100 ადამიანს, მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს. ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელსაც თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ახლავს პანდემიას, იქმნება ასეთი ახალი საწარმოები, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე. საწარმო, ძირითადად, პროდუქტს აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა ბურკინა-ფასოდან და განადან, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან და ყურის ქვეყნებთან.

საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში. 

საწარმოს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საწარმოს გენერალური დირექტორი ირაკლი ბრეგვაძე და სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.