ნათია თურნავა: ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ

ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან გავლილი 6 წელი შეაფასა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ამან საქართველოს განვითარებას და რეფორმირებას პოზიტიური ბიძგი მისცა და დღეს ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 24% მოდის. მინისტრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებამ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახადა ევროკავშირის ბაზრის 4 თავისუფლებიდან 3 – საქონლის, კაპიტალის და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია. მისი თქმით, შეთანხმებამ კარგი ასპარეზი შექმნა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ევროკავშირის სხვადასხვა სტიმულირების პროგრამის მეშვეობით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხარდაჭერაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მან აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმაზე, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროკავშირის ენერგობაზართან ჰარმონიზება წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ხორციელდება რეფორმები ენერგოეფექტურობისა და კონკურენციის გაზრდის მიმართულებით და სხვ. მინისტრმა ცალკე გამოყო ევროკავშირთან თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. მისი თქმით, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე გავრცელებამ საქართველოსთვის შექმნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე და ძალიან ხელშესახები პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ვიმოძრაოთ ევროკავშირთან ერთად, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს, მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ყოველივე ეს ჩვენს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან მათთვის ის თამაშის წესები, რომელიც ჩვენთან ინერგება, კარგად არის ნაცნობი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.