“ნატომ შესაძლოა ალიანსში მიღების პირობები შეცვალოს” – საქართველო გადაწყვეტილების მოლოდინში

აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა ნატოს გაფართოებაზე საურისას განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ნამდვილად მზადაა ალიანსში გაწევრიანებისთვის.

საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონასთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გაწევრიანდეს ნატოში, რადგან ალიანსის წევრ ქვეყნებთან – ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, საქართველო სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერია.

„თუ იმას გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაშია ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მათ შორის ბულგარეთი, საქართველო დიდი ხანია ნამდვილად მზად არის ნატოს წევრობისათვის. ამ ქვეყნებთან შედარებით, სრულად ვასრულებთ თავდაცვის თავსებადობას ნატოსთან და ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყნების ფონზე სამკმაოდ ძლიერი გვაქვს.

„საქართველო წინაა ასევე სოციალური ფორმით, ანუ მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხითაც ჩვენ გაცილებით მაღლა ვდგავართ, დანარჩენი უკვე ნატოს ხელმძღვანელობის და ნატოს წევრი სეხელმწიფოების გადასაწყვეტია, 30 ქვეყნის გადაწყვეტილების მიღებაზე ვართ დამოკიდებული, რომლებიც იმედია გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ,”- განაცხადა ექსპერტმა

მაიასაიასვე თქმით, ნატოში გაწევრიანება დღეის გადასახედით შესაძლოა პრობლემა იყოს, თუმცა შესაძლოა ალიანსის ხელმძღვანელობამ მიღების პირობები შეცვალოს, როგორც ეს მოხდა 1998 წელს.

„ამ ეტაპზე, დღევანდელი გადასახედიდან, ტერიტორიული მთლიანობა ნატოში გაწევრიანებისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ შეიძლება ნატომ გარკვეულწილად მოახდინოს თავისი მიღების პოცესების რევიზია, ანუ პირობების შეცვლა იმიტომ, რომ ეს პირობები არაერთხელ შეცვლილა, მაგალითად, 1998 წელს ნატოში პოლონეთი, ჩეხეთი, და უნგრეთი ყოველგვარი მაპისა და წინაპირობების გარეშე მიიღეს, მაგრამ 2000 წლიდან უკვე შემოიღეს მაპის სტრუქტურა, გარკვეულწილად ფილტრი იქნა შემოღებული და ასეთნაირად მოხდა დანარჩენი ქვეყნების გაწევრიანებაც. ასე, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნატოს ხელმძღვანელობაზე, შეიძლება შეცვალოს ის პირობა, რაც საქართველოს ხელ უშლის ნატოში გაწევრიანებისთვის, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და სხვა.

„ეს მხოლოდ საქარველოს არ ეხება, ეს უკრაინის საკითხიცაა, საქართველოს და უკრაინას (ასევე ბოსნია ჰერცოგოვინას საკითხიც განიხილება) უნდათ ნატოში გაწევრიანება, მეტი სხვა ქვეყანა აღარ არის, ალიანსში გაწევრიანება აღარავის აღარ უნდა, საქართველოს და უკრაინის მიღებით, ნატოს გაფართოების პროცესი დასრულდება” – თქვა მაისაიამ

მისივე ვარაუდით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ, შესაძლოა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის გაღიზიანება გამოიწვიოს და აქტიური ქმედებებიც კი დაიწყოს.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანებით შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდეს რუსეთი, იმიტომ, რომ რუსეთმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს არის პირდაპირი სამხედრო მუქარა.

“პომპეოს განცახდებამ აჩვენა, რომ ფაქტიურად ცივი ომი შემოვიდა საქართველოში, ასე რომ, ბუნებრივია გარკვეულწილად იქნება (რბილად რომ ვთქვათ) გაღიზიანება და მათ აქტიურ ქმედებებსაც კი გამოიწვევს” – ამბობს ექსპერტი “რეზონანსთან” საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.