ნატო – რუსეთის ბირთვული ომის „რეპეტიცია“ თავდაცვის მინისტრისა და კონგრესმენების მონაწილეობით

აშშ-ში ჩატარდა სამხედრო წვრთნები, რომლის სცენარიც ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირებისას რუსების მიერ ბირთვული იარღის გამოყენებასა და ამაზე აშშ-ის პასუხს ითვალისწინებს. ეს წვრთნები განსაკუთრებით საინტერესო იმით იყო, რომ მასში უშუალოდ ჩართული იყვნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და კონგრესმენები, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების ამოქმედება იწყება მსგავს შემთხვევაში და როგორ მიიღება გადაწყვეტილება.

ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამხედრო წვრთნები, რომელიც 20 თებერვალს ნებრასკის შტატში გაიმართა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ბაზაზე მიმდინარეობდა.

პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, სცენარის მიხედვით, რუსეთი მცირე სიმძლავრის ბირთვულ დარტყმას ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „და, საბოლოოდ, მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ”.

პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, წვრთნებში მონაწილე თავდაცვის მისტრმა მარკ ესპერმა და კონგრესმენებმა „გარკვეული წარმოდგენა მიიღეს” იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს აშშ-მა მსგავს შემთხვევაში.

ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მსგავს შემთხვევაში რუსეთის ქმედება უპასუხო არ დარჩება და ბირთვულ თავდასხმაზე პასუხი ასევე შეზღუდული ბირთვული დარტყმა იქნება.

„შემიძლია ვთქვა, რომ პასუხი შეზღუდული იყო. დიახ, ისინი თავს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაგვესხნენ და შესაბამისად, წვრთნების დროს ჩვენც ბირთვული იარაღით გავეცით პასუხი”, – განაცხადა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.

12 თებერვალსეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მოსკოვსა და პეკინთან ერთად შეუძლია გამართოს მოლაპარაკებები ბირთვული შეიარაღების შესამცირებლად. მისი თქმით, რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რაც შეეხება პეკინს, ობრაიენის თქმით, მას ზეწოლის შედეგად დაითანხმებენ და დაამატა, რომ აშშ რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ არსებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას აპირებს, რომელსაც ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შესთავაზა შეთანხმების მიღება, რომლის თანახმადაც ბირთვული ომის დაწყებაზე ორივე სახელმწიფო უარს იტყვის.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.