ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა,საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

„მინისტერიალის ფარგლებში,COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა: საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.

ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს.დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.