ოკუპანტები საფუძველს ამზადებენ ჩორჩანის ტყის მისატაცებლად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ ახალი ნიშნულების გაკეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება“.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ. ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები. სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ოკუპაციის ახალი ნიშნულების გაკეთების შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. მისი თქმით, ოკუპანტები, დამატებით, ათობით ჰექტარი მიწის მისატაცებლად ემზადებიან.

„ვიმყოფებოდით ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც უკვე, სავარაუდოდ, ჩვენი კონტროლირებადი აღარ გახლავთ. დღეს უკვე ახალი ნიშნულებიც ვიპოვეთ, რომელიც პერევის მიმართულებით გადადის. შეიძლება ითქვას, რომ სველ კვალზე მივყევით ოკუპანტებს. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ვიპოვეთ სპეციალური ხაფანგი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ, ვინმე უცხო პირი თუ გაივლიდა ამ მონაკვეთზე“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.