ოკუპანტემა კიდევ 130 ჰექტარი მიწა მიიტაცეს და სოფელ კოშკას სალოცავისკენ მიიწევენ

უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში – ოკუპანტებმა სოფელში რკინის ღობეები 20 იანვარს აღმართეს და 21 იანვარს მუშაობა კვლავ განაგრძეს. ადგილობრივი მოსახლეობა „რეზონანსთან“ ყვება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ერთი სახლი აღმოჩნდეს. მათი თქმით, ახალი მონიშვნის შედეგად 130 ჰექტარი მიწა ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს არის მოყოლილი. სოფლის მცხოვრებლებს საძოვრები აღარ აქვს და იძულებულები არიან, რომ პირუტყვი გაყიდონ. 

გუგუტიაანთკარის მცხოვრები სარდიონ გუგუტიშვილი 20 მეასედ ხეხილის ბაღს კარგავს. გუგუტიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს მიწა არასდროს შედიოდა ცხინვალის რაიონში და ყოველთვის გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ის ახლა საკუთარი ნაკვეთში ვეღარ შედის, რადგანაც ოკუპანტები მას დააკავებენ. 

გუგუტიშვილი ამბობს, რომ ოკუპანტები სპეციალური ტექნიკით სოფელში ოკუპირებული დისევის გზიდან ჩავიდნენ. მან დაახლოებით 50-მდე ძელი დაითვალა, რომელიც ოკუპანტებმა მისი ბაღის ირგვლივ აღმართეს.

ძელებისა და ღობეების მიმართულება გუგუტიაანთკარის მეზობელი სოფლის, კოშკას სალოცავისა და სასაფლაოსკენ მიდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ოკუპანტებმამუშაობა ამ ტემპით გააგრძელეს, მაშინ ოკუპაციის ხაზს მიღმა სასაფლაოები და ეკლესიაც მოხვდება.

„130 ჰექტრამდე მიწა უკვე მათ მხარეს არის. ჩემი ნაკვეთიც უკვე ე.წ. საზღვრის ფარგლებში ექცევა. 20 მეასედ ხეხილს ბაღას ვკარგავ. შვილიშვილებმაც მითხრეს უკვე, რომ იქ გადასვლისგან თავი შევიკავო, რადგანაც დამაკავებენ. 

„ეს ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა და ცხინვალის რაიონში არასდროს ყოფილა. ყოველდღე შიშში ვცხოვრობთ. ასე თუ გაგრძელდა, ჩემი სახლიც მათ მხარეს მოექცევა. 

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, საძოვრები საერთოდ აღარ გვაქვს. პირუტყვი გაყიდა ხალხმა და რა ვიცი, ყველანაირი შემოსვალის გარეშე ვართ“, – აცხადებს გუგუტიშვილი. 

21 იანვარს სოფელში ჟურნალისტები პოლიციის თანხლებით შევიდნენ და ახალი საოკუპაციო ღობე დააფიქსირეს. ბორდერიზაციის გაგრძელების თაობაზე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 20 იანვრის საღამოს გაავრცელა.

სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე. წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

„აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)“ ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც, საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში 21 იანვარს დილითვე ჩავიდნენ. ისინი ახლად დამონტაჟებულ ღობეებთან მივიდნენ და რუკაზე ზუსტად დააფიქსირეს განლაგების წერტილები და მიმართულება.

გუგუტიაანთკარში ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ყურადღებას და დახმარებას ითხოვს; აცხადებენ, რომ ისინი უძლურები არიან ოკუპაციის წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედონ.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები რჩებიან. ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისიის ფარგლებში ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს სურვილი ჰქონდათ, სოფელ გუგუტიანთკარში შესულიყვნენ და ვითარებას ადგილზე გასცნობოდნენ, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. 

„გუგუტიანთკარში მიმდინარეობს შეღობვა. მე დავდებ ერთ-ერთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ის საოკუპაციო ხაზი, რომელიც მოცემულობად გვაქვს ჩვენ და ვიცით, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზი, ამ საოკუპაციო ხაზის გარეთ გადმოდიან კიდევ და დამატებით ტერიტორიას იტაცებენ რუსი ოკუპანტები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მოსალეობა უმძიმეს სიტუაციაშია ჩავარდნილი. ასე თუ გააგრძელეს, მეორე სოფლის მიწებიც მათ განკარგულებაში აღმოჩნდება,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ „რეზონანსთან“.

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.