ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების 60% ბაზრიდან გავიდა?! – „ფინანსურ ბაზარზე ბანკები უკონკურენტოები გახდნენ“

2017 წლის იანვრის შემდეგ, რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კომპანიების დაახლოებით 60% ბაზრიდან გავიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა დავით კიკვიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგულაციების დაწესებამდე ბაზარზე დაახლოებით 75-მდე ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია ფიქსირდებოდა, ამჟამად მათი რიცხვი 30-მდეა შემცირებული.

„რამდენი ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიაა ბაზარზე, ან რამდენი დაიხურა, ამის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ არსებობს. ეროვნული ბანკი შესაბამის სტატისტიკას არ აქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში მსგავსი ინფორმაცია საჯარო არ არის. ჩვენ ძირითადად გვაქვს არაოფიციალური ინფორმაცია. ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა. თუ ბაზარზე ერთი წლის წინ დაახლოებით 75-მდე ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია იყო, დღეისთვის 30 კომპანიაა დარჩენილი. უამრავი თანამშრომელი გათავისუფლდა, საბიუჯეტო შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა“, – აღნიშნავს კიკვიძე.

მისი თქმით, რეგულაციების დაწესებამ და ბაზრიდან ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების გასვლამ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეამცირა და ეს პორტფელი თითქმის მთლიანად კომერციული ბანკების ხელში გადავიდა: „ონლაინ-სესხების სეგმენტი ბაზარზე გაქრობის პირას არის. ფინანსურ ბაზარზე კომერციული ბანკები უკონკურენტოები გახდნენ. მათ ყველა ის ნიშა დაიკავეს, რაც ონლაინ-სესხების კომპანიებს ეკავათ. ფაქტობრივად, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება კომერციული ბანკების სასარგებლოდ მიიღო“.

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე დარჩნენ, დავით კიკვიძის თქმით, მათ დასაქმებულთა 50%-ის სამსახურებიდან გათავისუფლება მოუწიათ.

„კომპანიები, რომლებიც „გადარჩნენ“, თავიდანვე მსხვილები იყვნენ და დიდი მოცულობის პორტფელს ფლობდნენ. გადარჩენა და რეგულაციებთან ადაპტაცია ამგვარად მოახერხეს, თუმცა მათი დღევანდელი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც არ დაიხურა, მაგრამ თანამშრომლების 50%-ის გათავისუფლება მოუწიათ. ასევე, მარკეტინგული, სარეკლამო, საოპერაციო ხარჯები 70-80%-ით შემცირებულია. ისინი ბაზარზე მაქსმიმალურად მცირე დანახარჯებით ოპერირებენ. კომერციული ბანკები ფინანსურ სისტემას სრულად მართავენ და ონლაინ-სესხების გამცემ კომპანიებს მათთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ“, – აცხადებს ფინანსისტი.

მისივე თქმით, არსებული რეგულაციების პირობებში, ბაზარზე სესხების გამცემი ახალი ორგანიზაციები არ გამოჩენილან: „ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას აზრი არ აქვს, რადგან არსახარბიელო მდგომარეობაა. სარეგულაციო პაკეტი იმდენად მკაცრია, რომ პორტფელის აკრეფვა და მომგებიანობამდე გასვლა დიდ რესურსს და კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, ამიტომ ინვესტორები არ ინტერესდებიან“.

ბაზარზე მყოფი ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ „კრედიტინფო საქართველოში“, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის მათ ბაზაში 22 მსგავსი ტიპის ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
ონლაინ-სესხების გაცემის მიმართულებით რეგულაციები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.

გარდა 100%-იანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15%-ის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.

თეონა კენჭიაშვილი
BPN.GE

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.