“ოჩამჩირის პორტში შესაძლოა შედიოდეს წყალქვეშა გემები” – რა საიდუმლოებას მალავს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

აშშ „ღია ცის შეთანხმებას” დატოვების მიზეზად ასახელებს, რომ რუსეთი შეთანხმების შესრულებაზე უარს აცხადებს – შესაბამისად, აშშ-მა ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეილება მიიღო. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, კრემლი შესაძლოა მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში, საიდუმლო ობიექტს მალავდეს. სწორედ ამიტომ არ მისცა საშუალება ამერიკულ თვითმფრინავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაეზვერათ.

„ღია ცის შეთანხმების” მიხედვით, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეიარაღებული საჰაერო თვალთვალი, რისი მიზანიც გამჭირვალობის ზრდა და შეიარაღების კონტოლია. შეთანხმება 2002 წელს მიიღეს, მისი ხელმომწერები, აშშ-ის გარდა, რუსეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო და 35-მდე სხვა სახელმწიფოა.

21 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მაიკ პომპეოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ექვსი თვის შემდეგ აშშ აღარ იქნება ამ შეთანხმების ნაწილი. თუმცა, შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი შეთანხმების სრულად დაცვას დაუბრუნდება.

„შეთანხმება შეიქმნა, რათა ყველა ხელმომწერისთვის მიეცა უფრო მეტი გამჭვირვალობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა, მიუხედავად მათი (ტერიტორიების) სიდიდისა. თუმცა, რუსეთის მიერ შეთანმხების დარღვევამ მის მთავარ, ნდობაზე დაფუძნებულ ფუნქციას ძირი გამოუთხარა და რეალურად, გააძლიერა უნდობლობა და გაზარდა საფრთხეები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რითიც აშშ-ის მონაწილეობა მიუღებელი გახდა.

„მაშინ, როცა აშშ, ჩვენს პარტნიორებთან და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, შეთანხმების ვალდებულებებსა და პირობებს იცავდა, რუსეთი წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა მას სხვადასხვა სახით.

“რუსეთმა უარი გვითხრა, ჩაგვეტარებინა სადაზვერვო ფრენები 10- კილომეტრიან კორიდორში მისი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთის რეგიონების საზღვართან, შესაბამისად, სცადა განემტკიცებინა ცრუ ინფორმაციები, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან,” – წერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

აშშ-ს გადაწყვეტილებას კრემლი გამოეხმარა, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვს შეთანხმება არ დაურღვევია. აშშ-ის მიერ მისი დატოვებას „ძალიან სამწუხარო” უწოდა. „უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, გამართლდეს გამოსვლა ამ ფუნდამენტური შეთანხმებიდან,” – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდერ გლუშკომ სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტისთან” საუბრისას.

ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან” საუბრისას თქვა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გარკვეულ შეიარაღებას მალავს და ქართულმა მხარემ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.

მაისაია ასევე „ღია ცის შეთანხმების” მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, როომ რუსეთი ამ ხელშეკრულების პირობებს თითქმის ყოველთვის არღვევდა.

„ღია ცის ხელშეკრეულების” მიხედვით უნდა მომხდარიყო შეიარაღებული ძალების სახმელეთო დაჯგუფებების და საბრძოლო ტექნიკის შენახვის ადგილების მონიტორინგი. სადაც დაიწყებოდა სამხედრო წვრთნები და მანევრები, უნდა მომხდარიყო იმის მონიტორინგიც. ამ ხელშეკრულების რეალური ამოქმედება დაიწყო 2002 წლიდან, როდესაც ამ ხელშეკრულებას შეუერთდა 35 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო.

„რუსეთმა დაადო ერთგვარი ვეტო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებას – გადაფრენა აკრძალული იყო. 2014 წლიდან რუსეთმა ამერიკელებს შესთავაზა ბაზირების შევსების მატერიალური ტექნიკური აეროდრმოების ადგილად ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალი ნაწილი. სწორედ ეს ფაქტორები იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა ხელშეკრულება. აქ საქართველოს ფაქტორი პირდაპირ კავშირშია.

„რუსეთმა გამოიყენა საბჭოთა კავშირის ცნობილი ტრიუკი, როდესაც1990 წელს ხელი მოეწერა პარიზის ხელშკრულებას. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ისეთი ტიპის შეიარაღება აქვს განთავსებული, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღებაც, რომლის დაფიქსირება რუსეთს არ სურს, რომ ამერიკამ და ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა აღმოაჩინონ.

„სავარაუდოდ ეს იქნებოდა სტრატეგიული, თავდაცვითი სისტემების ელემენტები, ბირთვული-ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკურ რაკეტები და შეიძლება უახლესი შეიარაღების ელემენტებიც, რომლებიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება სამხედრო ბაზების სერიოზული განთავსება და ეს არის ერთგვარი დახურული თემა. ტრამპის ადმინისტრაციის ამ პოზიციამაც დაადასტურა, რომ რუსეთი ისეთი ტიპის შეიარაღებას ათავსებს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია,” – თქვა მაისაიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს გარკვეული საიდუმლო ტექნიკა აქვს გადამალული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მის ინტერესს ნამდვილად არ წამოადგენდა, ამ სურათის სააშკარაოზე გამოტანა.

„ეს ტერიტორიები არის რუსეთის მიერ არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებული. „ღია ცის შეთანხმება” რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიდო, რომელიც მიზნად ისახავდა ნატო-ს და ყოფილი კომუნისტური ბანაკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ნდობის განმტკიცებას, რუსეთმა ეს ყველაფერი არ შეასრულა და მისი მხრიდან ეს იყო საერთაშორისო ხელშკრულებების მორიგი დარღვევა.

„რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული აქვს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. ცხინვალის რეგიონში განთავსებული ჰყავს დაახლოებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, აქ არის ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ა.შ. აფხაზეთშია განთავსებული ეს-300 ტიპის საჰაერო სისტემები, თუმცა, რუსეთი აღნიშნულს უარყოფს.

„აფხაზეთში ასევეა განთავსებული ტანკები, საბრძოლო შვეულმფრენი, საარტილერიო სისტემები, ქვემეხები. არ არის გამორიცხული, რომ ოჩამჩირის პორტში შედიოდეს წყალქვეშა ნავები, რადგან რუსეთმა დამატებით 6 წყალქვეშა ნავი შეიყავნა შავი ზღვის აკვატორიაში,” – თქვა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან” საუბრისას.

თამარ შუკვანი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.