პოლიტიკა პოლიტიკოსების გარეშე -“ქართული ოცნება” აჭარის მაჟორიტარებად მილიონერ ბიზნესმენებს წარადგენს

“2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებად მსხვილ ბიზნესმენებს წარადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად სამშენებლო კომპანია „ანაგის“ერთ-ერთ დამფუძნებელ ზაზა გოგატიშვილს წარადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
კომპანია „ანაგი“ იმ ე.წ. პრივილეგირებულ კომპანიებს შორის არის, რომელიც ხშირად იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერებში და ასრულებს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პროექტებისთვის სამშენებლო სამუშაოებს.

ინფორმირებული წყარო სააგენტოს უყვება, რომ „ანაგის“ დამფუძნებელს პოლიტიკური ლავირების განსაკუთრებული უნარი აქვს და იგი „ნაცების“ დროს ნაცი იყო, „ქოცების“ დროს „ქოცი“.

როგორც გოგატიშვილის ბიოგრაფიიდან ირკვევა, იგი 2008-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში.
2011 წელს კომპანია „ანაგმა“ 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც ერთში არ გაუმარჯვია. 2012 წელს კი, შპს-მ „ანაგი” 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამში გაიმარჯვა.

„ანაგმა“ 2017 წლის დეკემბერში მოიგო დახურული ტენდერი, რომლის შედეგადაც, კომპანიამ ბათუმში ფეხბურთის სტადიონის ასაშენებლად, ბიუჯეტიდან 99.4 მილიონი ლარი მიიღო.

გარდა ამისა, ბოლო წლებში „ანაგი“ წარმატებით იგებს სხვადასხვა ტენდერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისში.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ახალი სახე, რომელსაც მმართველი გუნდი ქობულეთი-ორთაბათუმი-ახალშენი-ფერის მაჟორიტარად წარადგენს გია ჭყონია იქნება.

გოგატიშვილის მსგავსად ,ჭყონიაც ბიზნესმენია, რომელიც შპს „გზის“ მფლობელია და რომელმაც 2018 წელს ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში „ქართულმა ოცნებამ“ გაამარჯვებინა.
როგორც აჭარლები ამბობენ, გია ჭყონიაც „ნაცების“ დროს ნაცი იყო, „ქოცების“ დროს „ქოცი“.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, “შტოპჩოვ ფონდის” ანგარიშზე 300 000 ლარი გადარიცხა.
ასევე ძალიან საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კომპანია „ანაგმა“ და მისმა თანამშრომლებმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში 95 ათასი ლარი შესწირეს.

კერძოდ, ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის არიან:

დავით შალიკაძე, 35 ათასი ლარი – შალიკაძე არის სამშენებლო კომპანია “ანაგი თბილისის” 10%-ის მფლობელი, მას ასევე ეკუთვნის კომპანია “მინისო საქართველოს” (იგივე მაღაზიათა ქსელი “მინისო) 5%; შალიკაძემ 2012 წელს 5 ათასი ლარი შესწირა “ნაციონალურ მოძრაობასან” დაკავშირებულ ორგანიზაციას “საქართველო არ იყიდება”;

ზვიად მუკუტაძე, 50 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი. ამ კომპანიაში მუშაობს 2012 წლიდან;

მერაბ ფრანგიშვილი, 4 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” სამუშაოთა მწარმოებელი;

დავით ნიქაბაძე, 5 ათასი ლარი – შპს “ვორლდ აიდეა პროდაქშენის” 25%-ის მფლობელი;

გიორგი ჩიხლაძე, 6 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი თბილისის ოფისში.

რაც შეეხება კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატს აჭარის რეგიონში “2020NEWS” ინფორმაციით, ეს ,,მარადმწვანე“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იქნება.

ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში ამომრჩეველს ანზორ ბოლქვაძის კანდიდატურას ამჯერად „ქართული ოცნება“ წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე უკვე 12 წელია პარლამენტის დეპუტატია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის – საქართველოსთვის“ ცნობით, სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.

20 ივლის „ქართული ოცნება“ საზოგადოებას 30-ე სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს.

ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.