პრეზიდენტის ნამასპინძლარი ორი გურია – თეატრალიზებული „კალანდა“ და ნამდვილი შიმშილის ქრონიკა

ავტორი: გურიის მოამბე

პრეზიდენტის ნამასპინძლარი ორი გურია- თეატრალიზებული „კალანდა“ და ნამდვილი შიმშილის ქრონიკა

მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიის რეგიონს სტუმრობდა და მასპინძლებთან  ერთად  „კალანდობას“ ზეიმობდა, ვიზიტის ფარგლებში მოინახულა რეგიონში რამოდენიმე ტაძარი, დაესწრო ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ ღონისძიებას და რამდენიმე „საქმიანი შეხვედრაც“ გამართა, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სადაც  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ნეგატიურ რეიტინგებში ლიდერობს.

პრეზიდენტს ორმა გურიამ უმასპინძლა- ერთი ზარ-ზეიმით,სიმღერით, სტუმარმასპინძლობის მაღალი კლასით, მეორე კი ქოთნის ლობიო, მჭადი და პრასის თანხლებით შეეგება.

„გურიის მოამბე“ დაინტერესდა და ქუჩის გამოკითხვა გააკეთა თემაზე,  თუ რა არის რიგითი გურულების მთავარი პრობლემა, რას შეცვლიდნენ, ან რას გამოასწორებდნენ ქალაქში და ზოგადად რეგიონში მათ რომ ეს ცვლილებები ხელეწიფებოდეთ. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ხალხი ეკონომიკური სიდუხჭირით ისეა გადაღლილი, მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე საუბრობს. თითქოს სულერთი გახდა მათთვის საზოგადოებრივი და სამოქალაქო ცხოვრება. ყოფითი პრობლემები ისე მძიმე ტვირთად დააწვა თითოეულ ადგილობრივს…

მაყვალა ქავთარაძე, ჭანიეთი – ყველაზე მეტად რაც მაწუხებს არის ის, რომ პენსია პატარა მაქვს და ყველაფერი ძვირია. პენსია კი მოიმატა,  მარა ყველაფერი გაძვირდა  და  არ ყოფნის არაფერს.

ნაირა ადგილობრივი მაცხოვრებელი  – ოზურგეთს სჭირდება ნორმალური ადამიანი სათავეში.  მე რომ ვიყო ხელმძღვანელი, პირველ რიგში  მივხედავდი გლეხს. გლეხის კისერზეა ყველაფერი  და მივხედავდი  მათ.  გლეხი დღეს არავის არ სჭირდება.  დაცარიელებულია  სოფლები  და ქალაქი  კი სოფლითაა.

ქვემო აკეთი, მალხაზ ჭაღალიძე –    მე რომ ხელმძღვანელი  ვიყო, პირველ რიგში  სოფლის მოსახლეობას, გლეხს  გავუწევდი დახმარებებს. რაც  არის პირველადი  და აუცილებელი  ოჯახებისთვის იმით დავეხმარებოდი. მინდა  ჩემი მეზობლები ატირებული არ იყოს  და არ  ფიქრობდეს  დღესასწაულებზე  მაგიდაზე რა დავდოო. სოფლის მეურნეობას  ქონდეს  უპირატესობა, რომ ქონდეს-თხილია, მანდარინია მიხედვა უნდა ყველაფერს. მაგენი ზრუნავს თავის თავზე, გლეხზე ვინ ფიქრობს. საზღვარგარეთ  და  სხვაგან ვილას უნდა აშენებდნენ  და ჩვენი შვილები შიმშილით უნდა იღუპებოდენ?! ჩემს შვილიშვილებს შეიძლება არაფერი არ აკლიათ, მაგრამ მისი ამხანაგები და მისი თანატოლები რამდენია რომ საჭმელი ეხარბება და რატო უნდა ყავდეს ასეთი  მოსახლეობა  ხელისუფლებას. უნდა მიხედონ ბავშვებს.

ბორისი, ქუთაისიდან – ოზურგეთს სჭირდება  მოსახლეობის დასაქმება, რომ ხალხში ფული იყოს. ხალხს ფული არა  აქვს. მე რომ ხელმძღვანელად ვიყო პირველ რიგში  ვთვლი საჭიროდ  დასაქმების პრობლემის მოგვარებას. ახალგაზრდები არიან უსაქმურად, ფული არა  აქვთ. გაჭირვებაშია ჩვენი ხალხი ყველა. შვილს რომ საჭმელი მოშივდება და  საჭმელი არ გექნება სახლში, რა უნდა ქნა?  დაცლილია ოზურგეთი, მარტო ოზუხრგეთი კი არა, ქუთაისში  80%-ი  წასულია და მიდის  ყოველ საღამოს  სამი თვითმფრინავი. მალე საქართველოში ქართველი აღარ დარჩება. ახალგაზრდები  თითქმის ყველა წასულია.

თამარი, კიტა მეგრელიძის ქუჩის მაცხოვრებელი –  გასაკეთებელი და მოსაწესრიგებელია  სანიაღვრე არხები, გზა  კი დააგეს, მაგრამ არხები გაკეთებული არაა. ყველა გაწვიმების შემდეგ ისეა დატბორილი ეზოები, გარეთ ვერ გამოხვალ. ეს წინა მთავრობის დროს გაკეთდა, შემდეგ შეიცვალა მთავრობა და კი დარჩა ასე. სოციალურად ყველას უჭირს, მარა ეს  უფრო გადასაჭრელი პრობლემაა.

ლელა, სილაურის მაცხოვრებელი –   ჩვენთან  გაზი არაა,  წყალი არაა.  მე პირველ რიგში მაგას მოვაწესრიგებდი სოფელში.

დალი გოგორეთის (მერია)  მაცხოვრებელი – მოსაწესრიგებელია წყალი, არ გვაქვს გაზი. ჩვენს  სოფელში ტრანსპორტი არაა.  მერიაში უნდა ჩამოვიდე და ორი კილომეტრი ფეხით უნდა ვიარო, ტვირთით,  სოფელში გოგორეთში, რომ ავიდე.  ყველა სოფელშია „მარშუტკა“  დანიშნული,  ჩვენი სოფლის გარდა. იყო დანიშნული ტრანსპორტი, მაგრამ  რომ არ ვარგოდა ჩვენი გზა, მძღოლმა გააუქმა ჩვენი  მომსახურება და ემსახურება იმათ, რადგან ისინი  „ტრასასთან“ ახლოს არიან,  კონჭკათის გზაზე.  გვეზარება ქალაქში წამოსვლა. ჩვენც ხომ ვართ ადამიანები. ეს აუცილებელად მოსაწესრიგებელია. გააკეთებენ გამოსაჩენად, რომ  კეთდება რაღაცაო, თორე  სოფლის გზები  ისეა გაფუჭებული,  ფეხსაცმელი  სუფთა არ მოგვყვება ქალაქამდე.  გზაში ვიწმენდთ. ისე  გაჭირვება  და  სიძვირე  ყველგანაა და    ყველას პრობლემაა ისედაც. მივმართეთ  გამგეობას, მაგრამ რა?  უფრო  ყურადღებიანი უნდა იყოს. სოფლის დეპუტატიც არ ვიცი ვინაა. იყვირე რამდენიც გინდა, თუ ყურადღება არ მოგვაქციეს.

ტრაპაიძე – პირველი პრობლემა  ხალხის დასაქმებაა, რომ პურის ფული იშოვონ. ისე ყველაფერი მოსაგვარებელია, მაგრამ მომგვარებელი ვინაა?! თანმიმდევრობით თუ მივყვებით ყველა სფეროში  პრობლემაა, მაგრამ ყველაზე  მთავრი  მაინც დასაქმებაა, სოცილაური პრობლემა. ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს.  გვეშველაბა რამე?!

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.