რამდენი ენერგია სჭირდება ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის – მეცნიერები ზუსტ რიცხვებს ასახელებენ

როგორ უნდა გამოიმუშაოს კაცობრიობამ საკმარისი ენერგია ნორმალურად ცხოვრებისთვის ისე, რომ გვერდი ავუაროთ კლიმატის კრიზისს?

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმიანობით პლანეტას გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ და საჭიროა, საკმაოდ ბევრ რამეზე ვთქვათ უარი, განსაკუთრებით დასავლურმა ქვეყნებმა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რაზე შეიძლება თქვან უარი მსოფლიოს ღარიბმა ქვეყნებმა.

მსგავსი: გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ გლობალური დათბობის „უკან არდაბრუნების წერტილი“ გვიახლოვდება

მაგალითად, შეუძლიათ თუ არა განვითარებად ქვეყნებს შეამცირონ ენერგიის წარმოება და შესაბამისად, ნახშირბადის გამოყოფა ისე, რომ ხელმისაწვდომი დარჩეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ვთქვათ, ჯანდაცვა ან განათლება? ანდაც, სჭირდებათ თუ არა მათ კიდევ უფრო მეტი ენერგია, როგორც ამას ზოგიერთი მიუთითებს?

ავსტრიის გამოყენებითი სისტემების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევართა პატარა ჯგუფის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას ერთი კარგი ამბავი აქვს — ჩვენ იმაზე მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ, ვიდრე პლანეტის ყველა ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო.

როგორც მათი გამოთვლები აჩვენებს, ძალიან ცოტა ენერგიაა საჭირო კარგი ჯანდაცვის, საკვებისა და განათლების საფუძვლის უზრუნველსაყოფად, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირბადის გლობალური ბიუჯეტის დაბალანსების შემთხვევაში, რასაც ასე გამალებით ვცდილობთ, სიღარიბეში ცხოვრება არავის მოუწევს.

ენერგეტიკული სისტემების ანალიტიკოსის, ნარასიმჰა რაოს განცხადებით, ხალხი შიშობს, რომ ეკონომიკური განვითარება და კლიმატზე ზრუნვა ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ მილიარდობით ადამიანის სიღარიბიდან ამოსაყვანად ეკონომიკის ზრდაა საჭირო, რაც შეუძლებელი იქნება გამონაბოლქვის ნულამდე შემცირების შემთხვევაში; ეს უკანასკნელი კი უმთავრესი მოთხოვნაა კლიმატის სტაბილიზაციისთვის.

პრობლემაში გასარკვევად ჯგუფს სჭირდებოდა დაედგინა კონკრეტული ციფრები იმ ენერგიის ოდენობის შესახებ, რომელიც ჩვენი ყველაზე საბაზისო მოთხოვნებისთვისაა საჭირო.

ეს კი თავის მხრივ შეიძლება საკმაოდ სუბიექტური იყოს და ამიტომ, რაომ მიმართა კრიტერიუმს, რომელიც მან ნორმალური ცხოვრების სტანდარტის პირობების შესახებ წინა კვლევისას შეიმუშავა.

მსგავსი: 11 000-ზე მეტი მეცნიერი გლობალურ კლიმატურ განგაშს აცხადებს — „კაცობრიობას ჯერ არნახული განსაცდელი ელოდება“

ამის შემდეგ, ის და მისი ჯგუფი ფოკუსირდა სამ განვითარებად ეკონომიკაზე — ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ინდოეთი. ამ ქვეყანათა შერჩევის მიზეზი გახდა მათი მრავალფეროვანი კლიმატი და კულტურა, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი გამოწვევები ჯანდაცვაში, გამაგრილებელ მოწყობილებებსა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაში.

მკვევრებმა თითოეული ამ ქვეყნის შემთხვევაში შეაფასეს, რა ოდენობის ენერგია ესაჭიროებათ განვითარების გასაგრძელებლად მათი ენერგოესურსებიდან გამომდინარე.

როგორც აღმოჩნდა, თითოეული ეს ეკონომიკა უკვე გამოიმუშავებს იმაზე მეტ ენერგიას, რაც მათი ყოველი მოქალაქის ნორმალური ცხოვრების სტანდარტისთვის არის საკმარისი.

მაგალითად, ინდოეთში 2017 წელს ენერგიის მოხმარება დაახლოებით 17,5 გიგაჯოული იყო ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, საბაზისო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყო დაახლოებით 7 გიგაჯოული ერთ სულზე, ცხოვრების ნორმალური სტანდარტისთვის კი 12-15 გიგაჯოული სულზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდოეთს, ისევე როგორც ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, განვითარებული ქვეყნების მსგავსად შეუძლიათ ენერგიის შემცირება ისე, რომ თან გააგრძელონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ადილობრივ რესურსთა გამოყენება ინფრასტრუქტურისთვის.

მსგავსი: კაცობრიობა ყოველწლიურად 100-ჯერ მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე პლანეტის ყველა ვულკანი ერთად

რაოს განცხადებით, ისინი არ ვარაუდობდნენ, რომ მინიმალურად ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო ენერგია ასე მოკრძალებული იქნებოდა ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც ინდოეთია.

მისი თქმით, სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ ჯანდაცვასთან, კვებასთან და განათლებასთან დაკავშირებული უმთავრესი ადამიანური საჭიროებები ასე იაფი იქნებოდა ენერგიის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს მნიშვნელოვანი წილი შეაქვთ პლანეტაზე სათბურის აირების გამოყოფაში. ამავე დროს, მათი საზოგადოებების დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, რომელთა ადგილობრივ კლიმატზეც ცვლილებები კატასტროფულად აისახება.

ყველა ამ სიტუაციიდან რაიმე უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ თვალნათელია, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას ადილად შეუძლია განაცორციელოს თუნდაც პატარა ცვლილება ნახშირბადი გამოყოფის შესამცირებლად ისე, რომ მაინც აკმაყოფილებდნენ საკუთარ მოსახლეობათა საბაზისო საჭიროებებს.

კვლევა ჟურნალ Nature Energy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.