რას სთავაზობს გერმანია ნატოს – რა ცვლილებები ელის ალიანსს

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას არ გამორიცხვას, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის კუთხით რაიმე კონკრეტული ინიციატივა ყოფილიყო განხილული, თუმცა, ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია. დღის წესრიგში დგას თუ არა ახალი შემოთავაზება. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ განხილული იქნებოდა ნატო-ში გაწევრიანების მიზნით საქართველოსა და უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ნატოს გენერალური მდივანი ალიანსს საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსი მხარს უჭერს მომავალში მის ბლოკში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ბრიუსელში, მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსთვის, სადაც არიან ჩვენი წევრები – ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ბოლო წლებში ნატომ გაზარდა წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ აპრილში მივიღეთ შესაბამისი პაკეტი, რომლის თანახმადაც გვექნება მეტი წვრთნები, შევთანხმდით ინფორმაციების გაცვლაზე.

„მოვუწოდებ მოკავშირეებს საჭირო რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ პარტნიორებს მეტი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს ნატო ეხმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებაში. ეს არის ნატოს საქართველოში ყოფნის მიზანი,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ირაკლი მენაღაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ალიანსი კვლავ მხარს უჭერს.

„ალიანსის სიტუაცია საკმაოდ რთულია, რაც გამოწვეულია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო, თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, ალიანსის პრინციპული პოზიცია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს, უცვლელი დარჩება,” – განაცხადა მენაღარიშვილმა.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საკითხი, როგორც ასეთი, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა, განსახილველ თემათა შორის არაა: „მინისტერიალზე რამდენიმე საინტერესო კონცეფცია იქნა დაფიქსირებული. მაგალითად, ნატო-მ პირველად, შესაძლოა კოსმოსური სივრცე საბრძოლო მოქმედებების არეალად აქციოს. ეს კავშირშია კიბერუსაფრთხოების მიმართულებასთან; კოსმოსურ სივრცეში ასევე კიბერომის წარმოების შესაძლებლობა იგულისხმება, რაც ასევე საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოწყვლადი თემაა. მეოთხე განზომილების კონცეფცია ნატო-ს სამიტზე დამტკიცდება. ამ კონცეფციის არა თუ მომხმარებელი, არამედ რეალური განმახორციელებელი შეიძლება ჩვენც ვიყოთ, რადგან საქართველოს შეუძლია კიბერომის წინააღმდეგ თავისი წვლილი შეიტანოს.

„იქნებოდა საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. კონკრეტული შემოთავაზებები ჩვენს მიმართულებით, ჯერჯერობით არ ყოფილა. თუმცა, შესაძლოა მაპ-ის სტატუსის მინიჭების საკითხზე ყოფილიყო საუბარი, რაც ჩვენთვის ხელშესახები და რეალური იქნებოდა ჩვენი ინტეგრაციის კუთხით. გაფართოების პოლიტიკის საკითხი ნატო-ს მინისტერიალის განსახილველი თემა არ იყო.

„დაფიქსირდებოდა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფება, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ასევე ის, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრი, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ იქნებოდა განხილული. ნატო-ში არსებობს ისეთი საკითხები, როგორიცაა აშშ-თურქეთის ურთიერთობები, თურქეთის ანტიალიანსური, დე-ფაქტო პოლიტიკის ელემენტები და სხვა,” – ამბობს მაისაია.

ნატო-ს მინისტერიალის მთავარი თემა ლონდონში 4-5 დეკემბერს დაგეგმილი ლიდერების შეხვედრისთვის მზადება იყო. როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოებისა, ნატო ბოლო 70 წლის განმავლობაში გაძლიერდა და მილიარდზე მეტი ადამიანის უსაფრთხოებას იცავს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეები ჰაერთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ კოსმოსსაც ასახელებენ. მინისტრები ასევე განიხილავდნენ ნატო-ს როლს ტერორიზმთან ბრძოლაში. ალიანსის მიდგომას რუსეთის მიმართ, ჩინეთის აღზევების საკითხს, ენერგოუსაფრთხოებასა და შეიარაღების კონტროლის მომავალს.

ამასთან, გერმანია ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების საფუძველზე, რომ „ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის.” ამის შესახებ „დოიჩე ველე” წერს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტელბერგი შემდეგ კვირაში პარიზს ესტუმრება და ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პირისპირ გაესაუბრება. ამასთან, იენს სტოლტენბერგი ახალი „ექსპერტთა ჯგუფის” შექმნას მიესალმება.

ნატო-სთან დაკავშირებით, რამდენად არის მოსალოდნელი ცვლილებები, მეტიც, ალიანსის რეორგანიზაციის საკითხის დადგომა? – მენაღარიშვილი რეორგანიზაციის საკითხის დაყენებას გადაჭარბებულს უწოდებს.

„ალიანსის რეორგანიზაციაზე საუბარი ალბათ გადაჭარბებულია; ზოგიერთი პროცედურის დახვეწის, შეცვლის, ახალი ინიციატივების წინ წამოწევის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა და შესაძლოა, ახლა კონკრეტულად განიხილავენ კიდევაც, მაგრამ ის რომ, აგების და ფუნქციონირების პრინციპი შეიცვალოს, არ მგონია, რადგან ეს იქნებოდა საოცრად არაპროდუქტიული. ალიანსს სჭირდება შინაგანი სიმყარე და ერთიანი პოზიცია, რადგან მსოფლიოში სიტუაციაა ძალიან დაძაბულია და ალიანსის არაკეთილმოსურნე ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია,” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვახტანგ მაისაია ნატოს რეორგანიზაციის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს:

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მგონი, ნატო-ს სამიტის მთავარი თემაც იქნება. საფრანგეთი აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს. გერმანიის ინიციატივა, რომ დაიწყოს ნატო-ს სტრუქტურების რეფორმირება, ბუნებრივია.

„ჯერ კიდევ 2005 წელს საკითხი იდგა ასე – „ნატო საერთოდ რაში გვჭირდება.” 2014 წელს, როდესაც დასავლეთი ახალი ცივი ომის ურთიერთობებში შევიდა, აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის მდგომარეობა შეიქმნა, ნატოს თემა კიდევ უფრო ხელშესახები გახდა, საკითხი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედებისა,” – განაცხადა მაისაიამ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.