რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.

„კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.



მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.



მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.
საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს.



გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. 



ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.



მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.



სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: – ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო? 



– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.



მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა. 



ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ.



ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო.



მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი.



სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.



ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!



სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ.



ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.



ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.



თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.



მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო! 


ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.



საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო „მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.



თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.


ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია.

ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.

ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.

„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი…



თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა.



2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე გადამდგარიყო.
ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც – ვწერდი სააკაშვილს. 



მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი.



ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და – მიშა! მიშას! გაჰყვიროდნენ.



შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ.



იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ.



შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!



მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას – გადადექი!“-წერდა ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 12 ოქტომბერს.

წყარო

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.