რატომ გვაშინებს “ოცნების” დეპუტატი იმ დროს, როცა შანსი გვაქვს, დასავლეთთან პარტნიორობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ?

ვიდრე საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პრინციპით „მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში“ მუშაობენ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია (არ ვიცით, კერძო დაკვირვებით, თუ კვლევებზე დაყრდნობით) მოქალაქეების განუსაზღვრელი მომავლისთვის შემზადებას შეუდგა: „მაპ-ის მიღებიდან ნატო-ში გაწევრიანებამდე პროცესში რუსეთისგან საფრთხეები გაიზრდება; ამ პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემო საუკეთესო არ იქნება, საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს ინვესტიციების კლებას, რომელიც რისკების გაზრდასთან იქნება დაკავშირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო-ში წევრობაზე საზოგადოებაში კონსენსუსი არ ყოფილაო“.

ვიდრე ხსენებული განუსაზღვრელი მომავლის სათუო საფრთხის რეალურობაზე ვიმსჯელებთ, ურიგო არ იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებსაც გადავავლოთ თვალი:

2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით შემცირდა. სულ 281.1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორცილდა. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 187 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54%-ით (217 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. ხოლო მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 417.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 13.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ მაპ-ი, ანუ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ჯერ არ გვაქვს, ეკონომისტები კი მსგავსი კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ. ქართული მართლმსაჯულების პრობლემურ მხარეებზე ყურადღებას ამახვილებენ ევროპარლამენტარებიც საკუთარ კომენტარებში და ამერიკელი კონგრესმენებიც წერილებში, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობაში მრავლად მიიღეს.

ისევ მაპ-ისა და შესაძლო საფრთხეების რეალურობის საკითხს დავუბრუნდეთ. სპეციალისტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გობრონიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ურჩევს, საკითხზე მსჯელობის უფლება უსაფრთხოების საბჭოს და სპეციალისტებს დაუტოვონ:

„რატომ კეთდება მსგავსი გზავნილები განუსაზღვრელ მომავალში? რატომ საუბრობს რუსული საფრთხეების ეკონომიკურ გავლენაზე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია კვლევასა და ექსპერტიზაზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალა? ეს საფრთხეები არაა შეფასებული და ზოგადად, მე მგონი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეროვნული უსაფრთხების სტრატეგიული დოკუმენტები ბოლოს 2011 წელს განვაახლეთ. ბატონ კაკულიას მსგავსი განცხადებები ადრეც აქვს გაკეთებული. უკეთესი იქნება, ამ საკითხზე მსჯელობა უსაფრთხოების საბჭოში იყოს; უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა, დარგის სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა იმსჯელონ და ეს ყველაფერი კვლევებზე იყოს დაფუძნებული და არა თუნდაც ცალკეული დეპუტატის ვარაუდებზე. პარლამენტის ანალიტიკური პოტენციალიდან, ამ ადამიანის საერთაორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით არსებული კვალიფიკაციიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მისი კერძო აზრია. როდესაც კერძო აზრი ამ დონეზე ჟღერდება, ეს ქვეყანაში ნეგატიურ მოლოდინებს, სტიმულებს აჩენს და არ ადგება საქმეს“.

რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატის პროგნოზს, უსაფრთხოების სპეციალისტს განსხვავებული პოზიცია აქვს:

„როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შენ პრაქტიკულად გაწევრიანების პროცესში მყოფ სახელმწიფოდ მოგიაზრებს, ამან საფრთხეების არა შემცირება, არამედ ზრდა რატომ უნდა გამოიწვიოს? ნატო-ს მხრიდან გაკეთდება განაცხადა, რომ „ეს ქვეყანა ჩვენი წევრი ხდება“ და ეს ხომ არ იქნება გზავნილი, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურას გაცილებით მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოჰყვება, ვიდრე იგივე 2008 წელს იყო, როდესაც ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან ბიზნეს-კომუნიკაცია 60 დღით შეაჩერა და შემდეგ, ვითომც არაფერი, ისე აღადგინა?! ხომ არ იქნება გზავნილი, რომ საქართველოს მიმართ პროვოკაციები ასე მარტივად აღარ ჩაივლის?!“.

მაპ-ის მქონე საქართველოს დაცვის მექანიზმები

გობრონიძის დაკვირვებით, 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესია სწორედ იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქვეყანამ ბუქარესტიდან „ვერაფერი წამოიღო“:

„2008 წლის შემთხვევაში რუსული სამხედრო აგრესიისთვის კატალიზატორი გახდა არა ის, რომ საქართველოს შეიძლებოდა, მაპ-ი მიეღო, არამედ ის, რომ საქართველომ მაპ-ი ვერ მიიღო: სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციაში ჩათვალეს, რომ საქართველოს ნატო-ში მაპ-ის გარეშე გაწევრიანებას უპირებდნენ – „სანამ არ არსებობს საერთაშორისო სამართლერივი თუ საერთაშორისო ინსტიტუციონალური დაცვის მექანიზმები, მოდი, მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომ გაურკვეველი ვადით გადავდოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხიო“. ბუქარესტის სამიტიდან საქართველოს არაფერი წამოუღია, მაგრამ რუსეთს „ღამის კოშმარი“ დაემართა. მაპ-ის მიღების შემთხვევაში რუსეთს „ღამის კოშმარი“ ასევე დაემართება, ძალიან გაღიზიანდება, მაგრამ გამკლავება არა საქართველოსთან, არამედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოუწევს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად თავისი პრობლემებისა, პატივი სცეს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს, დააფასოს საქართველოსა და ნატო-ს ამდენწლიანი პარტნიორობა და ქვეყანა თავის რიგებში მიიღოს. გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლა იმ კონკრეტული ღონისძიებების იმპლემენტაციასაც გულისხმობს, რომელიც ქვეყანას წევრობისთვს სჭირდება. უკვე გაცხადებული იქნება, რომ ნატო ამ კონკრეტულ ქვეყანასთან სამხედრო კავშირის დასამყარებლად ემზადება“.

გობრონიძე გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ბუნებრივია, ეს [სამოქმედო გეგმის მიღება] ჩვენ ერთგვარად გაგვირთულებს ვითარებას: რუსეთი საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან პროვოკაციების მოწყობით შეეცდება, შექმნას დაუცველობის განცდა, რომ მაპ-ს საქართველოსთვის შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ამის მიღმა ვითარების დამძიმებას ვეღარ შეძლებს: დგება განსხვავებული პოლიტიკური ფასის გადახდის მომენტი. წარმოიდგინეთ, აპირებთ, ქვეყანა თქვენს რიგებში მიიღოთ და მას „ურტყამენ“ – ეს გამოწვევა ხდება ნატო-სთვისაც. ეს არ ნიშნავს, რომ ნატო და რუსეთი იომებენ, მაგრამ ნიშნავს, რომ მკაცრი რეაგირება იქნება, რათა რუსეთის მცდელობებს ხელი შეუშალონ. ეს პროცესი გაიარეს ბალტიის სახელმწიფოებმა და ა.შ. ყველა შემთხვევაში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთს უკან დახევა მოუწია. ამასთან, ისტორიაში ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როდესაც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ნატო-ს რომელიმე წევრი სახელმწიფო გახდა“.

რა განასხვავებს არსებულ საერთაშორისო კონიუნქტურას 2008 წლისგან?

გობრონიძე დასავლურ საზოგადოებაში რუსეთთან მიმართებაში ჩამოყალიბებულ პოზიციასა და დაწყებულ პროცესზე მიუთითებს:

„რუსეთს ნატო-სთან უკვე საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს: სირიაში ნატო-ს მეორე არმია რუსეთთან სერიოზული დაპირისპირების ზღვარზეა. რაც შეეხება ზეწოლის მექანიზმებს, უამრავი ბერკეტია: საერთაშორისო დიპლომატიურ-პოლიტიკური წნეხი; მძიმე ეკონომიკური სანქციები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს პრობლემები აქვს უკრაინაში, საქართველოში, სირიაში … და ამოუწურავი რესურსი არ აქვს. ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გარკვეული სანქციების გატარება დაიწყო. ეს პროცესი სამომავლოდ შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს, რადგან დასავლური თანამეგობრობა რუსეთს აღიქვამს არა როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ შესაძლებლობას (როგორც დიდი ხნის განმავლობაში), არამედ როგორც საფრთხეს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი, რომ რუსეთმა თუნდაც 2008 წელი ვეღარ გაიმეოროს და მეზობლებთან მიმართებაში მიდგომებს გადახედოს. რუსეთს ცოტა უცნაურად გამოსდის: არ უნდა, რომ პოსტსაბჭოთა რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოჩდეს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ მის მეზობლებს იმ კოალიციაში გაწევრიანება უნდოდეთ, რომელიც რუსეთისგან დაიცავთ“.

არის თუ არა საქართველოსთვის ნატო-რუსეთის გართულებული ურთიერთობა შესაძლებლობა?

“საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთი სირიაში, მით უფრო ფუჭდება რუსულ-თურქული ურთიერთობები. ასევე საინტერესო მომენტი დაფიქსირდა დავოსის ეკონომიკურ სამიტზე: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (ისე, რომ ეს სამიტის თემა არ ყოფილა) დასვა კითხვა, „რატომ არ არის დაწყებული ქმედითი ზომების მიღება, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს?“. როდესაც რუსეთს უფრო სერიოზული „თავის ტკივილი“ აქვს ქვეყნის შიგნით, სირიაში, უკრაინაში, ვიდრე საქართველოა, ის „გვაძლევს“ ფანჯარას, რომელიც ჩვენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური ამოცანების სწორად შესასრულებლად უნდა გამოვიყენოთ: რუსეთს გაუჭირდება, ისეთივე პროაქტიური იყოს კავკასიის რეგიონში, როგორც, მაგალითად, 2006-2008 წლებში. შესაბამისად, დიახ, ეს ჩვენთვის არის მომენტი. სამწუხაროდ, ისტორია ასეთ მომენტებს ყოველთვის არ იძლევა. ეს არ არის იდეალური, მაგრამ არის შესაძლებლობა, საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყანა ისეთი საკითხების წინაშე არ იდგეს, როგორი არჩევნები ჩაატაროს. ეს თემა დასრულებული, შეთანხმებული უნდა იყოს, ხოლო დემოკრატიული პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგებოდეს“,- დასძენს გობრონიძე.

https://accentnews.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.