რატომ შეარჩია ნატო-მ საქართველოს ტერიტორია ბოლო 25 წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის

„საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა და ახალი „ცივი ომის” სულისკვეთებაში პირდაპირ ჯდება ამ მანევრების ჩატარება… ჩინურ-რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ. სამხედრო ძალის დემონსტრირება და კონტინგენტის განთავსება საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიაზე არის საბრძოლო დავალების შესრულების მთავარი, რეალური კომპონენტი”, – ასე შეაფასა „რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020″, რომელიც 10 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც ჩატარდება.

„ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში ერთდროულად 10 ქვეყანაში – გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება, სულ 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის როგორც ნატო-ს წევრი, არამედ ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებიც.

წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამხედრო შენაერთების სწრაფ გადასროლას 4 000 კილომეტრსა მეტ მანძილზე. გადასროლა მოხდება 12 სხვადასხვა მარშრუტით 10 ქვეყნის ტერიტორიის გავლით, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც საავტომობილო ტექნიკა, ასევე რკინიგზა.

წვრთნებში სულ ჩართული იქნება 37 ათსამდე სამხედრო, აქედან 20 ათსი აშშ-დან. ამ მაჩვენებლით, ეს იქნება ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ბოლო 25 წლის განმავლობაში. საბრძოლო ტექნიკისა პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირება წვრთნების ლოკაციებისკენ უკვე 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება. წვრთნების დასრულების შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის გამყვანა იმ ქვეყნების ტერიტორიიდან, სადაც მანევრებია დაგეგმილი, ეტაპობრივად მოხდება და ივლისისთვის დასრულდება.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები რუსეთ-ჩინეთის სამხედრო სწავლებების საპასუხოა და იხსენებს, რომ მსგავსი წვრთნები ჯერ კიდევ „ცივი ომის” პერიოდში ტარდებოდა:

„ამერიკელებს მსგავსი წვრთნების ჩატარება ახასიათებთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ასეთი წვრთნები საკმაოდ ინტენსიურად ტარდება სამხრეთ კორეაში. ამერიკელებს აქვთ მსგავსი წვრთნების ჩატარების გამოცდილება. აშშ აქამდე არ ატარებდა მსგავს წვრთნებს, რადგან ვერ ხედავდა სამხედრო საფრთხეს. მაგრამ როდესაც რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს „ცენტრი 2019″, ამერიკელებმა დაგეგმეს ანალოგიური მანევრები ჩინურ-რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ“, – ამბობს მაისაია.

სამხედრო ექსპერტის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებს გარდა, სქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ წვრთნების ჩატარება ორი მიზეზის გათვალისწინებით გადაწყდა, რომელთაგან ერთერთი რუსული აგრესიაა:

„უნდა ითქვას, რომ ეს სამხედრო მანევრები უფროა, ვიდრე წვრთნები, რადგან მანევრები ფაქტობრივად არსებული შენაერთების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაა, რომელთაც გარკვეულწილად საბრძოლო ამოცანებიც გააჩნიათ. ის, რომ ამერიკელები (წვრთნების დასრულების შემდეგ) რამდენიმე თვით თავიანთი სამხედრო შენაერთების ნაწილის დატოვებას აპირებენ 10 ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს სწორედ, სამანევრო ტიპის გადაადგილებას უფრო გავს, რომელიც ითვალისწინებს რუსული სამხედრო საფრთხის წინააღმდეგ რეალური ბარიერების შემუშავებას.

„ამ წვრთნების ჩატარება ძალიან კარგი და პოზიტიურია, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა ეს უკვე გააკეთეს.

„ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა და ახალი „ცივი ომის” სულისკვეთებაში პირდაპირ ჯდება ამ მანევრების ჩატარება, რაც პირველი რეალური ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ ამერიკელები გააძლიერებენ ევროპაში არსებულ თავიანთსამხედრო კონტინგენტს და ახალი ტიპის ამოცენებსაც დაუსახავენ კოალიციურ ძალებს.

„ეს შედიოდა ნატო-ს სწრაფი რეაგირების კონცეფციაში, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ჯერ 20-ეულის, ხოლო შემდეგ 100-ეულის დონეზე იღებს მონაწილეობას ქართული მხარე. ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების უკვე რეალურ კონტექსტში შემუშავება და ამოქმედება სჭრიდება. სწორედ ამიტომ შეარჩიეს საქართველო, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც კოალიციური ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოახდენენ ამ მანევრების ჩატარებას. გარდა ამისა, საქართველო რუსული აგრესიის პირდაპირი მსხვერპლიცაა და ესეც ერთერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს”, – დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ წვრთნების ჩატარების შემდეგ გარკვეული პერიოდით საკუთარი სამხედრო შენაერთების დატოვება 10 ქვეყნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ითვალისწინებს კონკრეტული სამხედრო დავალებების შესრულებას:

„შესაბამისი ქვეყნების ტერიტორიებზე აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის დისლოცირება წარმოადგენს სამანევრო ტიპის ელემენტებს, რათა მოხერხდეს რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერება ან ძალის დემონსტრირება. ამიტომ, რეალურად, შესაძლებელია, რომ ამ პროცესისთვის „წვრთნების” დარქმევა ფორმალურია, რათა არ მოხდეს მოწინააღმდეგის პირდაპირი გაღიზიანება.

„ეს არის საწვრთნელი მანევრები, რომელთაც გააჩნიათ კონკრეტული საბრძოლო დავალებები რეალურ პირობებში, რაც ამის მთავარი არსია. გარდა ამისა, სამხედრო ძალის დემონსტრირება და კონტინგენტის განთავსება საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიაზე არის საბრძოლო დავალების შესრულების მთავარი, რეალური კომპონენტი.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად პოლონეთის ქალაქ ოსტროვეცში ტარდება სამხედრო კონფერენცია, რომელსაც ატარებს პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიურო. უშუალოდ ჩართულები იქნებიან პოლონეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლების და ნატო-ს შეაიარაღებული ძალები. სხვათა შორის, საქართველოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ამ პროცესის თანაორგანიზატორი, რაც, გარკვეულ წილად, ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2020 წელს დაგეგმილი სახმედრო წვრთნების მოდელის გადმონერგვას აკადემიურ სფეროში.

„ქართული მხარე მსგავსი სერიოზული საკითხების განხილვის აკადემიურ-თეორიულ დებატირებაზეცაა მიწვეული სამხედრო-საექსპერტო დონეზე, მაგრამ საქართველო, სტუმრის გარდა, თანაორგანიზატორიცაა. ჩემს გარდა ამ კონფერენციაზე იქნება ბირთვული უსაფრთხოები საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა მკვლევარი ალიკა გუჩუა”, – განმარტა სამხედრო ექსპერტმა.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.