რა მოხდა მწვანე სკოლაში? – რატომ დაკითხეს მოზარდი. რომელმაც მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა

(რეზონანსი) არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საია-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არასრუწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია-ს აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ, სადაც ამბობენ, რომ მოზარდის გამოკითხვა ორჯერ მოხდა და ორივე შემთხვევაში მშობლის თანდასწრებით.

„10 დეკემბერს, 112″-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, „მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე. შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზარდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა. მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” შსს-ში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.