რა საფრთხეს წარმოადგენს „იანდექს ტაქსი“ ქართველი მომხმარებლებისთვის და რა ინფორმაციას აწვდის რუსულ სპეცსამსახურს

„იანდექს ტაქსი“ სკანდალში ეხვევა – გაირკვა, რომ კომპანია თავის მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის. ამის შესახებ  კი რუსული მედია წერს. ინფორმაციას რუსეთში კომპანიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. „რეზონანსი“ ეცადა, რომ საქართველოში არსებულ ფილიალს დაკავშირებოდა და ამ საკანდალურ ბრალდებაზე მათი განმარტება მოესმინა, თუმცა  კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

„იანდექს ტაქსი“ რეესტრში ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში არ არის, შესაბამისად, მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს. სავარაუდოდ, კომპანიას ინფორმაცია ქართველი მომხმარებლების შესახებაც გააქვს.

„იანდექს ტაქსის“ კომპანიას თბილისში 40-მდე ოფისი აქვს. ტაქსის მძღოლები „რეზონანსთან“ არ უარყოფენ, რომ მოსკოვის ცენტრალური ოფისი ყველა იმ მარშრუტს ხედავს, რომელსაც საქართველოში აპლიკაციაზე მიბმული ტაქსი გადის.

რა საფრთხის წინაშე დგებიან საქართველოში მომხმარებლები ვინც რუსული კომპანიით სარგებლობენ? სპეციალისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ საფრთხე სერიოზულია, რადგანაც მონაცემების ბაზაზე რუსეთის სპეცსამსახურებს ხელი  სრულიად მიუწვდება. 

ექსპერტები ამბობენ, რომ განსაკუთრებული რისკები საჯარო მოხელეების მიმართ  არის, რადგანაც როგორც კი მომხმარებელი აპლიკაციას გადმოიწერს, ამით ის კომპანიას  ყველა ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. კომპანიას მისი პოვნა ადვილად შეუძლია და ასევე მუდმივად გააკონტორლებს სად არის და რას აკეთებს. ასევე ძალიან მარტივად შეუძლია მისი ტელეფონის მონაცემებში შევიდეს და იქ არსებული ყველა ინფორმაცია მოიპოვოს.

„რეზონანსთან“ აიტი სპეციალისტი გიგა დანელია ამბობს, რომ დაუშვებელია მსგავსი საეჭვო კომპანიების აპლიკაციების ტელეფონში ჩამოტვირთვა. ამით საკუთარი ნებით ვაძლევთ რუსულ სპეცსამსახურებს საშუალებას, რომ ჩვენს ყველა ინფორმაციაზე და გადაადგილებაზე ხელი მიუწვდებოდეს. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ, რომ მოსმენაც კი აწარმოონ, თუკი რომელიმე კონკრეტული საჯარო პირი მის ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.

„ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან და ყველა მათგანს მოვუწოდებ, რომ ამ კომპანიის არც მომსახურებით და არც აპლიკაციით არ ისაგრებლონ. მათ შეუძლიათ, რომ როგორც  ტელეფონით, ასევე კომპიუტერით მათი ყველა ინფორმაცია მოიპარონ და მის ყველა გადაადგილებასა თუ საუბარს უთვალთვალონ. ასევე გააკონტორლონ რა ტიპის გართობა და განტვირთვა  ახასიათებს, რა სახის ვიდეოებს და ფოტოებს იღებს, ვის ხვდება და რა სახის სამსახურეობრივი აქტივობები აქვს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მოპოვება შეუძლიათ, რომლის მეშვეობითაც, თუკი დასჭირდება, რუსული სპეცსამსახურები ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს დააშანტაჟებს. ეს კომპანიები პირდაპირ სპეცსამსახურებთან არის მიბმული და ამაში ახალი არაფერია“, – აცახდებს „რეზონანსთან“  სპეციალისტი. 

„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ტრანსპორტის პროგრამის საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორანტი ვასო ურუშაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ინადექს ტაქსი“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ინფორმაციას ფლობს. მისი  თქმით, მათ იციან კლიენტების გადაადგილება და ასევე,  საბანკო მონაცემები. მათ  ნებისმიერ დროს ეს ბოროტად შეიძლება გამოიყენონ. 

„სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლება არა მარტო „იანდექს ტაქსისთან“ მიმართებაში, არამედ ე.წ. რბილი რუსული ძალის მიმართ ფაქტობრივად ინეტრულია და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი რბილი ძალის პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს საქართველოს მოსახლეობის ყველა ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება. ამაზე სუს-ის ოფიციალური პოზიცია უკვე უნდა არსებობდეს და ამაზე მოკვლევა მიდიოდეს. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე სახელმწიფო მოხელეები არიან“, – აცახდებს ურუშაძე „რეზონანსთან“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მთავრობამ ძალოვან უწყებებში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გაავრცელოს.

„საქართველო,რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით დიდი გამოწვევების წინაშეა და ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი იმ უწყების თანამშრომლების მიერ, რომლებიც მუშაობენ ძალოვან უწყებებში. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ საჭიროა მთავრობამ კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცეს იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც უსაფრთხოების სექტორში არიან დასაქმებული. 

„ეს კომპანიები სისტემატურად თანამშრომლობენ და აწვდიან მონაცემთა ბაზას, „ეფ-ეს-ბეს“ გააჩნია სისტემა, რომელშიც ძალიან ბევრი კომპანიაა ჩართული, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. აქ გროვდება უამრავი ინფორმაცია თქვენს გადაადგილებაზე, პერსონალური ინფორმაცია, ასევე, გროვდება ინფორმაცია თქვენს საბანკო საშუალებებზე,“ – განაცხადა ექსპერტმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.