რეზერვისტები გამოიძახა, საომრად ემზადება – ხუხაშვილი ივანიშვილზე

„ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოაცხადა და ამ ომში მისთვის განსაკუთრებით სანდოები უნდა შემოიკრიბოს, საომარ გვარდიას აყალიბებს“, – ამის შესახებ “2020NEWS”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბარში მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები და შესაძლო პოლიტიკური გადაადგილებები შეაფასა.

– ბატონო გია, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ხელმძღვანელობას შს მინისტრი ვახტანგ გომელაურს ჩაიბარებს, რომელიც მოქმედ პრემიერთან დაპირისპირებაშია. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი გახარია მალე პრემიერობას გამოემშვიდობება? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გახარიას უნდა დაეკავებინა ეს თანამდებობა პრემიერობიდან წასვლის შემდეგ.
და ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ, გომელაურის დანიშვნას როგორ აფასებთ?

– თუკი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მოიაზრებოდა, ეს ადგილი უკვე დაკავებულია, შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის, პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ.
ლოგიკურია, რომ ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრია და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი დაიკავებდა.

ის უკვე სხვა საკითხია, რომ თვითონ უსაფრთხოების საბჭო აბსოლუტურად უფუნქციო, რუდიმენტალურ სისტემად იქცა. ვერც მის ფუნქციას ვხედავ და ვერც მის მოქმედებებს. საერთოდ შეკრებილები არიან თუ არა როდისმე, საკითხავია.

აქედან გამომდინარე, ეს არის ნომინალურად ფუნქციონალური სისტემა, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ უშიშროების საბჭო გააუქმეს. ვინ იქნება საბჭოს ხელმძღვანელი თუ მდივანი ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს.

– “2020NEWS”- თვის სამთავრობო კულუარებიდან გახდა ცნობილი, რომ მალე გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის შეცვლის. რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ მოვლენების ამგვარი განვითარება? გამორიცხავთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები ასე განავითაროს?

– მე არ ვფლობ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას. წინასწარ, ჯერ არ შემდგარი ფაქტის კომენტირება არ მახასიათებს.

გამორიცხვით კი, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა მიმაჩნა, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებებს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ თანამდებობაზე იქნება?

გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი ინსტიტუციური ცენტრებისგან მოშორებულია, შესაბამისად დავალების შემსრულებელი ვინ იქნება, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება ლილუაშვილი , გახარია თუ სხვა ვინმე…

ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი არ იღებს. დირექტორად კი, შეგიძლია ხან ერთი დანიშნო, ხან – მეორე , ხანაც კი -მესამე. ამით სისტემურად არაფერი იცვლება.

ჩვენი მთავარი მანკიერებაა, რომ ინსტიტუციური ცენტრი და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი არის სხვადასხვა ადგილზე. არ იცვლება გადაწყვეტილების მიღების ალგორითმი.

– პროკურატურაში დაბრუნდა ირაკლი შოთაძე, თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილი, უზენაეს სასამართლოში შალვა თადუმაძეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, ვახტანგ გომელაური. როგორ ფიქრობთ, მთავარ საკვანძო თანამდებობზე ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირები გაამწესა?

– ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. დასაბამიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ის მუდმივად ეყრდნობა იმ ადამიანებს, რომლებსაც მისთვის მეტად სანდო პირებად თვლის. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მას განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები აქვს, ივანიშვილი განიცდის სრულ სტერილიზაციას. რეზერვისტები გამოიძახა, საომრად ემზადება.

ივანიშვილმა ომი გამოაცხადა და ამ ომში კი, განსაკუთრებით მისთვის სანდოები უნდა შემოიკრიბოს, აყალიბიბებს საომარ გვარდიას. რატომ აყალიბებს და რატომ არის ქვეყანაში საომარი ვითარება ქვეყანაში მე არ ვიცი, მაგრამ მას აქვს განცდა, რომ დიდი ომი ელოდება.

ივანიშვილი გვპირდებოდა განახლებას, თუმცა ამის ნაცვლად მეორე წრეზე დატრიალდა.

დღეს ასეთია მოცემულობა, თუმცა, კანონზომიერიცაა, რადგან როცა ადამიანი პოლიტიკურ ბუნკერში ჩადის, ის სრულ სტერილიზაციას განიცდის, სულ უფრო და უფრო ვიწრო ხდება მისთვის სანდო ადამიანების წრე და ჩვენ ამ შეკუმშვის პროცესში ვართ.

– როგორ ფიქრობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიას მხოლოდ სანდოობის პრინციპით დააკომპლექტებს?

– საარჩევნო სიას ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა.

სიაში თუ ვინ იქნება, მისთვის პრინციპულად მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ პარლამენტარები ივანიშვილისათვის ჩვეულებრივი სტატისტები არიან, რომელსაც წაღმა-უკუღმა ისე გამოიყენებს, როგორც უნდა. მთავარია, ძალაუფლება შეინარჩუნოს და არითმეტიკული უმრავლესობა მიიღოს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.