“რიცხვებით ჟონგლირება” – აფერისტობის სერიალი ხელისუფლების მხრიდან ისევ გრძელდება? – უმუშევრობის დონე კლების პარალელურად, დასაქმებული ადამიანების რიცხვი კლებულობს

ბოლო 9 წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 11.6 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მაჩვენებელმა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე ნიშნულს 2018 წელს მიაღწია, როცა მისი დონე 12.7 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, ის კიდევ უფრო მეტად შემცირებულია და 2019 წელს დაფიქსირებულმა უმუშევრობის დონის მაჩვენებელმა 11.6 პროცენტი შეადგინა და 2018 წლის ერთგვარი რეკორდი, უკან მოიტოვა.

უმუშევრობის დონის შემცირება ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული რიცხობრივი მაჩვენებლების უკან, დგას ფაქტი, რომლითაც ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლების ტენდენციაა.

კერძოდ, თუ 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური მოცულობა მილიონ 939.9 ათას ადამიანს შეადგენდა, 2019 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 28.7 ათასი ადამიანით შემცირდა და მილიონ 911.2 ათასი შეადგინა.

გარდა ეკონომიკურად აქტიური ადამიანების შემცირებისა, შემცირებულია დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. კერძოდ, 2019 წელს, საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მილიონ 690.2 ათასი ადამიანი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს საქართველოში დასაქმებული ადამიანების საერთო მოცულობა მილიონ 694.2 ათას ადამიანს შეადგენდა. შესაბამისად, 2019 წელს დასაქმებული ადამიანების რიცხვი 4 000 ადამიანითაა შემცირებული.

როგორც აღინიშნა, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლების ტენდენციაა და ამას მხოლოდ 2019 წლის მონაცემზე დაკვირვება არ განსაზღვრავს. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა 2018 წელსაც.

2017 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 მილიონ 983.1 ათას ადამიანს შეადგენდა. ამავე მაჩვენებელს 2018 წლის ჭრილში თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ 2018 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და ის 1 მილიონ 694.2 ათას ადამიანს შეადგენს. ანუ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 12 400 ადამიანით არის შემცირებული.

გარდა ამისა, ასევე საკუთრივ შემცირებულია დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თუ 2017 წლის მონაცემებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეადგენდა 1 მილიონ 706 ათას ადამიანს, 2018 წლის მონაცემებით იგივე მაჩვენებელი 1 მილიონ 694 ათასი ადამიანით განისაზღვრა. ანუ, გამოდის, რომ დაახლოებით 12 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კლებულობს. ასე მაგალითად, 2016 – 1 მილიონ 717.3 ადამიანი იყო დასაქმებული, 20127 წელს 1 მილიონ 706.6 ათასი. ხოლო ბოლო ორ წელში – 2018-2019, როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, დასაქმებულთა რაოდენობა შესაბამისად 1 მილიონ 694.2 ათასი და 1 მილიონ 690.2 ათასს ადამიანს შეადგენს.

ახლა რაც შეეხება 2019 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებს, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენდენცია აქაც დაფიქსირდა.

კერძოდ, 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9 პროცენტული პუნქტით.

ასეთია ციფრებს მიღმა არსებული რეალობა.

მართალია, ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე ახერხებს ზრდას, მაგალითად, 2019 წელს 5.2 პროცენტით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, მაგრამ უმუშევრობის დონის რიცხვებს მიღმა არსებული რეალობა გარკვეული ციფრებით ჟონგლირებაა.

წყარო: ბანკები და ფინანსები

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.