როგორ აიცილა თავიდან ნარიშკინის საქართველოში ჩამოსვლა უსუფაშვილმა – ანუ ლავროვის პრობლემის მოგვარების რეცეპტი ივანიშვილს

„მორიგ ჯერზე მორიგი ხელისუფლება თავს გვჭრის საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მთავრობა  უკიდურესად არაკვალიფიციურად იქცევა საერთაშორისო ურთიერთობებში… სტრასბურგი, ეს არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფო აბარია“, – ასე ეხმაურება 2020NEWS-თან  პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი შეერთებული შტატებიდან პრემიერ გიორგი გახარიასადმი  გამოგზავნილი, თანაც მოხშირებული „წერილების“ ამბავსა და ევროსაბჭოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგ სკანდალს.

უსუფაშვილი მმართველ უმრავლესობას „უუნაროს“ უწოდებს და აცხადებს:

„ვინ შეიძლება ატყუებდეს სენატორებსა და კონგრესმენებს?! შეერთებული შტატების საელჩო? შეერთებული შტატების წარმომადგენლები საქართველოში? რა, მათ ტყუილისა და მართლის გარჩევის უნარი არ აქვთ?“

“2020NEWS” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

დავით უსუფაშვილი: „ბოლო ხანებში გახშირებული მიმართვები უცხოეთიდან საქართველოს მთავრობის მიმართ, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერები აგრძელებენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ისინი მიუთითებენ იმ ხიფათებზე, რასაც შეიცავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების, ისე საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტებთან უთანხმოებების გაღვივების  თვალსაზრისით.

ისინი მთავრობას  მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირებები, რომლებიც  ქართველ ხალხს მისცეს, მაგრამ შეუსრულებელი დაპირებების შესახებ გაიგეს უცხოეთშიც, მაგალითად ის, რომ  ჩავარდა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თემა.  ეს არა მხოლოდ ქართველ ხალხისთვის  მიცემული დაპირება იყო, არამედ მთელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

პროპორციულის უკან წაღებამ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა  დასავლწეთის მოთმინების ფიალა აავსო და  ყველა აიძულა, რომ საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიციები. ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ყურადღების ცენტრშია და ცუდი ამბავი ისაა, რომ მორიგ ჯერზე მორიგი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის.

რაც შეეხება მთავრობისა და უმრავლესობის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის, რბილად რომ ვთქვა, სამარცხვინო, რადგან ვინ შეიძლება ატყუებდეს სენატორებსა და კონგრესმენებს?! შეერთებული შტატების საელჩო? შეერთებული შტატების წარმომადგენლები საქართველოში? რა, მათ ტყუილისა და მართლის გარჩევის უნარი არ აქვთ? ამაზე საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები და ეს არის ყოვლად უუნარო რეაგირება, რომელიც ქვეყნისთვისაა დამაზარალებელი.

-როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მოუტანს აშშ-ის ელჩის ჩამოსვლა საქართველოს?

ვერცერთი ქვეყანა, მათ შორის, ვერც შეერთებული შტატები გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. ჩვენ  არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. არჩევნების გზითაა ხელისუფლება შესაცვლელი და არა ვინმეს ჯინაზე,  მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, აშშ-ის ელჩი არ გვყავდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეს არ იყო კარგი მოვლენა, ამიტომ მისი ჩამოსვლა ყველა თვალსაზრისით, კარგია, რადგან ეფექტურს გახდის საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას. გარდა ამისა, რთულ ვითარებებში, ჩვენ ახლოს გვეყოლება სტრატეგიული და ახლო მეგობარი –  ელჩის სახით.

ჩაიშალა თუ არა ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლ;ები, კონკრეტულად კი პარლამენტის თავმჯდომარე,  ამაზე უკვე აკეთებენ მინიშნებას?

-თალაკვაძის ეს განცხადება არ მიკვირს.

ხელისუფლება თავიდანვე ნაძალადევად ჩაერთო ამ პროცესებში. მათ  მაშინვე არ უნდოდათ, რომ ეს  მოლაპარაკებები შემდგარიყო  და ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩაშალონ პროცესები, ცდილობენ, თავიდან მოიცილონ უცხოეთის წარმომადგენლობაცა და ოპოზიციაც, მაგრამ ცხადია, ეს პროცესები ასე მარტივად ვერ დასრულდება. ფაქტია, სწორედ ამ მოლაპარაკებების პროცესმა გაიტანა ჩვენი პრობლემები დემოკრატიული საზოგადოების სამსჯავროზე.

როგორც უკვე იცით, ამ მოლაპარაკებების პროცესსი ჩართული არიან: აშშ-ის, გერმანიის, ევროპარლამენტის, ეროსაბჭოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  ისინი ყოველღიურად არიან მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში და ბუნებრივია, სწორედ ასე გახდა ეს ჩვენი უბედურება  მსოფლიოს ყურადღების საგანი.  

ხელისუფლებას სურდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოეკლა პროპორციული არჩევნების თემა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ ახლა მაინც, რაც მალე დააღწევენ თავს ამ მოლაპარაკებების მაგიდას ოპოზიციასთან, მით უფრო კმაყოფილები იქნებიან, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ.

-როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება, მოუტანოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტმა საქართველოს და თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოს მთავრობა იმისთვის მზად, სწორად წარმართოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სიტუაციის უფრო გამწვავების გარეშე?

-საქართველოს მთავრობა იქცევა უკიდურესად არაკვალიფიციურად საერთაშორისო ურთიერთობებში. იმ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, რომლებიც ობიექტურად არსებობენ, კიდევ მეტად აღვივებს და შედარებით პატარა პრობლემას უფრო დიდად აქცევს ხოლმე.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გამოცდილება, როდესაც საერთაშორისო ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, გვქონია ძალიან პრინციპული პოზიცია და ამის გამო, საქართველოს  სანქციებიც კი გადაუტანია.

მაგალითად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე, წინა პარლამენტის დროს გვქონდა შემთხვევა, როდესაც გვინდოდა, ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის ჩატარება საქართველოში, 2015 წელს. მაშინაც რუსეთის დელეგაციის პრობლემა დაგვიდგა. ეუთოს ხელმძღვანელობის შუამავლობით, გვქონდა სერიოზული მუშაობა და მივაღწიეთ შედეგსაც, რომ რუსეთიდან  საქართველოში ჩამოსულიყო ის ხალხი, ვისაც ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემები არ ჰქონდა.

2015 წელსაც რუსეთის დუმის თავმჯდომარე გეგმავდა აქ ჩამოსვლასმაგრამ ჩვენ მივაღწიეთ, რომ სერგეი ნარიშკინი საქართველოში არ ჩამოსულა და ეუთოს საპარლამენტო ასაბლეა აქ ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩატარდა.

მაშინ ჩვენ, უმრავლესობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ პროცესებში ჩართული გვყავდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენლი, ინფორმირებული იყო არასამთავრობო სექტორი და ყველა ამ საკითხით დაინტერესებული ექსპერტი. ეუთოს ასაბლეა ისე ჩატარდა და ისე იმყოფებოდნენ საქართელოში რუსეთის წარმომადგენლები, რომ  ერთი პრობლემაც არ გაჩენილა არცერთი მხრიდან.

ახლაც  როცა საქმე ეხება ევროსაბჭოს მინისტერიალს, მთავრობა ამ თემებს უნდა აგვარებდეს. მაგრამ არის ან უმოქმედოდ. ან აკეთებს გაუგებარ  განცხადებებს, რომ რუსეთის წარმომადგენლების ჩამოსვლას არ დაუშვებენ. ანდაც კიდევ პრეზიდენტს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეხება ასეთი საკითხები, აძლევენ უფლებას, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთოს,  ისეთი, როგორიც სტრასბურგში გააკეთა.

ეს არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფო აბარია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა გზა და საშუალება აქვს, რომ პრობლემა აიცილოს თავიიდან და არ გაამძაფროს სიტუაცია. ამას საკუთარი, 2013-15 წლების გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ შესაძლებელია, ეს საკითხი მოგვარდეს, ყოველგვარი დაძაბულობისა და ქვეყნის აფორიაქების გარეშე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებითა და საერთასორისო ორგანიზაციებთან რაიმე პრობლემების გაუჩენლად.

მარიამ მაჭარაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.