როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია (BBC)

კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება და პანიკას თესავს: ყოველდღე იდება განახლებული ინფორმაცია დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევის და ასობით ახალი გარდაცვლილის შესახებ.

მთელი ქალაქები და ქვეყნები კარანტინშია. გაუქმებულია ავიარეისები, საერთაშორისო მაშტაბის ღონისძიებები, სპორტული ასპარეზობები და მუსიკალური ფესტივალები.

დაავადება მოედო ევროპას და ამერიკას, ლათინურ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი განუხრელად იზრდება, თუმცა ამ ფონზე ზოგმა ქვეყანამ მოახერხა კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება და მისი გავრცელების შეკავება.

ყველა ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გზას ირჩევს, თუმცა რომელია მათგან ყველაზე ეფექტური სტრატეგია ბიბისის მიხედვით:

  1. ტესტირება, ტესტირება და კიდევ ერთხელ ტესტირება!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ბიბისის ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ვირუსის გავრცელების შეკავების ძირითადი ფაქტორია.

მათი თქმით, ძნელია ამ ვირუსის ზემოქმედების რეალური მაშტაბები გაიგო, ან შესაბამისი ზომები მიიღო თუ არ იცი რამდენი ადამიანია დაინფიცირებული.

აშშ–ს ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი კრის ჯონსონი ამბობს, რომ სწორედ ეს დაეხმარა ქვეყნებს ვირუსის შეჩერებაში: იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირებას ეყრდნობოდნენ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, იმ ქვეყნებში, კი სადაც ეს პრიორიტეტული არ იყო ახალი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყოველდღე 10 000 ადამიანის ტესტირებას ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში მათ მეტი ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, ვიდრე აშშ–მ ერთი თვის მანძილზე – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუს აღნიშნავს, რომ ყველა სიმპტომიანის ტესტირება პანდემიის ჩახშობის გასაღებია.

ჯანმოს ყველა ქვეყანასთან ასეთი რჩევა აქვს : “ტესტირება, ტესტირება, ტესტირება“ .

ჯანმოს ხელმძვანელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირების და პანდემიას დახუჭული თვალებით ვერ შეებრძოლები.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანალიზები მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებს უნდა აუღო, რადგან უსიმპტომო ავადმყოფები ვირუსის გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ.

  1. დაავადებულთა იზოლირება

პროფესორ კრის ჯონსონის აზრით სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაავადებულთა გამოვლენას, ტესტირებას და ყველა მათგანის კარანტინში ჩასმას.

ტესტირება არა მხოლოდ დაავადებულთა გამოვლენის და ვირუსის გავრცელების აღკვეთის შესაძლებლობაა, არამედ ასევე ეხმარება ახალი პოტენციური დაავადებულების გამოვლენაში, რომლებიც შესაძლოა საწყის სტადიაზე იყვნენ.

მისი თქმით, ჩინელებმა სუპერყურადღება გამოიჩინეს ვირუსის პოტენციური კერების ამოცნობაში. სავარაუდოდ სწორედ ეს დაეხმარა მათ ვირუსის დაძლევაში.

მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები სპეციალურ “სიცხიანთა კლინიკაში“ მიდიან და იქ მათ კორონავირუსის ტესტს უტარებენ. თუ მათ ვირუსი გამოუვლინდათ, მათი იზოლირება სპეციალურ საკარანტინე სასტუმროებში ხდება, რათა ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ. – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

ტაივანმა, სინგაპურმა და ჰონკონგმა სხვა მიდგომა აირჩიეს – ისინი ყოველ პოტენციურად საშიშ შემთხვევას სახლში იზოლირებას უკეთებდნენ და ჯარიმას აწესებდნენ მათთვის, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევდა.

თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია ინფიცირებულთა გამოვლენაა და პოტენციური ინფიცირებულის კვალის პოვნა.

3 .მომზადება და სწრაფი რეაქცია

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვირუსის ლოკალიზაციისა და შეჩერებისას მთავარია სწრაფი მოქმედება – სანამ ვირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოედება.

ტაივანმა და სინგაპურმა დაამტკიცეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ახალ დაავადებულთა იზოლაცია შესაძლოა ეპიდემიის აღკვეთაში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

ტაივანის წარმატებას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ კუნძული წინასწარ იყო მომზადებული ამ სიტუაციისთვის და ჯერ კიდევ 2003 წელს შექმნა ეპიდემიური კონტროლის ცენტრი ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ.

ეს ცენტრი რეგიონში SARS–ის ვირუსის აფეთქების შემდეგ შეიქმნა და რამდენიმე სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შეიცავს. მას უკვე ქონდა როგორც თეორიული ბაზა, ასევე რეაგირების კონკრეტული მეთოდები.

მზადყოფნა და სისწრაფე კი ეპიდემიის შემთხვევაში გადამწყვეტია. ამ მხრივ ევროპაც და აშშ–ც გვიან გამოფხიზლდნენ. ტაივანმა ჯერ კიდევ იანვარში, როცა არ იყო დამტკიცებული, რომ ახალი ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით გადადიოდა, დაიწყო ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება და კვლევა. ჰონკონგის ხელისუფლებამ ყველა შესასვლელ პუნქტში ტემპერატურის გაზომვა ჯერ კიდევ 2 იანვრიდან დაიწყო და ყველა ჩასული ტურისტი 14 დღიან კარანტინში ჩასვა.

  1. სოციალური დისტანცირება

როგორც კი ვირუსი გავრცელებას იწყებს, შემაკავებელი ზომები აღარ მუშაობს. ამ სტადიაში ყველაზე ეფექტური ხერხი მოსახლეობის დასაცავად სოციალური დისტანცირების ზომების შემოღებაა, როგორც ეს ჰონკონგში და ტაივანში გააკეთეს.

ჰონკონგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ ადამიანები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიოდნენ, დახურა სკოლები და გააუქმა ყველა ღონისძიებები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სკოლები არ დაეხურა, მაგრამ სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებლების ყოველდღიური ტესტირება და მონიტორინგი დაიწყო.

  1. ჰიგიენის ზომების პროპაგანდა

ჯანმო მუდმივად იმეორებს, რომ ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენის ზომების დაცვა მნიშვნელოვანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ბევრმა აზიურმა ქვეყანამ ეს SARS-ის 2003 წლის აფეთქების შემდეგ გააცნობიერა და მიხვდა, რომ ადამიანები ავად არ გახდებოდნენ და ინფექციას არ გაავრცელებდნენ, თუ ჰიგიენის ნორმებს დაიცავდნენ.

სინგაპურში, ჰონკონგში და ტაივანში ქუჩებში ხშირად შეხვდებით სპეციალურ დისპენსერებს ანტიბაქტერიული გელით. ამ ქვეყნებში პოპულარულია ნიღბებით სიარული პროფილაქტიკის მიზნით, და მართალია ნიღბები ნაკლებად ეფექტურია დაავადების შესაკავებლად, ისინი მაინც ამცირებენ იმის ალბათობას, რომ ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ვინმეს გადასცემს ინფექციას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.