როგორ ეხმაურება მსოფლიო ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამვლას

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. 

ევროკავშირი, ნატო და დასავლური სახელმწიფოების უმეტესობა პუტინის მთავარი კრიტიკოსის მოწამვლაზე რუსეთის მთავრობისაგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ნავალნის “დანაშაულის მსხვერპლი” უწოდა და მოწამვლის მიზეზად ოპოზიციონერის გაჩუმება დაასახელა. 

არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა, რომ გაგვცეს – ამას მთელი მსოფლიო ელოდება, – თქვა მერკელმა. 

ნოვიჩოკით მოწამვლის დადასტურებიდან სულ მალე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის გამოხმაურებაც მოვისმინეთ:

შემაშფოთებელია ის ფაქტი,რომ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ნოვიჩოკის მომაკვდინებელი შედეგები ჩვენ დიდ ბრიტანეთში უკვე ვნახეთ. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ნავალნის, – წერს ჯონსონი Twitter-ზე.

ჯერჯერობით პირადი მოსაზრება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს არ გამოუთქვამთ, მაგრამ ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვია შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს: 

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად სწუხს შედეგზე, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი. ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად დასაგმობია. რუსეთმა ნერვული აგენტი ნოვიჩოკი წარსულშიც გამოიყენა. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა რუსეთის ანგარიშვალდებულება დადგეს დღის წესრიგში და შევზღუდოთ მისი საზიანო ქმედებები. გარდა ამისა, რუს ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს თავის შეხედულებები მშვიდობიანად – შიშის გარეშე და მით უფრო – ქიმიური აგენტის გარეშე, – წერს უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ჯონ ულიოტი. 

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა კი, პრეზიდენტ ტრამპს მოწავლის შესახებ ალაპარაკებისკენ მოუწოდა: 

უკე დადასტურებულია, რომ ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს – იგივე ნერვული აგენტი გამოიყენეს 2018 წელს სკრიპალების მოწამვლისას დიდ ბრიტანეთში. ჩვენ გვჭირდება დაუყონებლივი განცხადება ტრამპის ადმინისტრაციისგან, ამას თავად რუსებიც ელოდებიან – წერს ბოლტონი.

 ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა  Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა:

მე უკიდურესად ვეწინააღმდეგები სამხედრო დონის ნერვული აგენტის გამოყენებას. რუსეთის მიმართ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, – ამბობს სტოლტენბერგი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი მოწამვლის ფაქტზე თქვა, რომ ნერვული აგენტით ნავალნიზე შეტევა არის “მიუღებელი და ლაჩრული ქმედება”. 

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ამ დროისათვის მხოლოდ უკრაინის საგარემო საქმეთა მინისტრის შეფასებას ვისმენთ:

ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანასკნელ კრიმინალურ აქტს – ის პირდაპირი შეტევაა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შესაფერისად უპასუხებს ამ არაჰუმანურ თავდასხმას ნავალნიზე, – ამბობს მინისტრი.

მომხდარი მხედველობიდან არც პოლონეთს გამორჩენია და ის საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

პოლონეთის მთავრობის  პოზიცია ცალსახაა. გვჯერა, რომ აუცილებელია დადგინდეს სიმართლე  და დაისაჯოს დამნაშავე. მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა.

შეგახსენებთ, რომ ერთადერთი გამოხმაურება, რასაც ამ დოირსათვის რუსეთიგან ვისმენთ, ნოვიჩკის წარმომავლობას ეხება. დუმის დეპუტატმა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, იური შვიტკინმა რუსულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ნერვული აგენტი აშშ-სა და საქართველოში მზადდება. 

ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება კრემლის ბრალდებას არ გამოხმაურებია. თუმცა, საყურადღებოა, რომ მას ეხმაურება ქართული ოპოზიცია და მმართველი პარტიიდან გიორგი ვოლსკი. ოპოზიციის თქმით, ივანიშვილის რუსეთისადმი მოფრთხილების პოლიტიკის შედეგია ქართული მხარის მდუმარება. ვოლსკი კი ბრალდებაზე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დემარშია. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ კრემლი  უარყოფს ამ ბრალდებას.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

ავტორი: თინათინ ინაური

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.