როგორ მოკლა ადგილობრივი თამბაქოს წარმოება ხელისუფლების გაუაზრებელმა რეგულაციამ – კონტრაბანდა ყოველდღიურად იზრდება

ადგილობრივ წარმოებას დღეს მრავალი გამოწვევა უდგას იქნება ეს იმპორტისგან დაცვის პრობლემა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუ სახელმწიფოს ხელშეწყობის ნაკლებობა. თუმცა, არის დარგი, რომელიც სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობით, პრაქტიკულად მოკვდა და არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. საუბარია ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიაზე, რომელიც თუ სამიოდე წლის წინ აღმავლობის გზაზე იყო დღეს სექტორი გაკოტრების პირასაა და ამას ოფიციალური მონაცემებიც აჩვენებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზების რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 25 ჯერ შემცირდა. თუმცა, კიდევ უფრო დიდია შემცირება შეინიშნება ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე, რომლის წარმოებაც 2019 წელს 27-ჯერ შემცირდა, წინა წელთან შედარებით. ჩნდება კითხვა რამ გამოიწვია დარგის ასეთი სტაგნაცია, როდესაც მაგალითად 2016 -2017 წლებში სექტორი სწრაფი ტემპით იზრდებოდა. კერძოდ, თუ ისევ ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოა, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ -მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა.

რეგულაციები რომელმაც სექტორი მოკლა

ყველაფერი “თამბაქოს შესახებ კანონი-ით” დაიწყო, რომელსაც ერთი შეხედვით საკმაოდ კეთილშობილური მიზანი ჰქონდა. საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით, მიღებულმა გაუაზრებელმა რეგულაციამ, რომელსაც არანაირი ეკონომიკური დასაბუთება არ ახლდა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარტყა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს.

უფრო კონკრეტულად კი, 2019 წლის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევდათ. ადვალური გადასახადი ეს არის გადასახადის ისეთი ფორმა, რომელიც ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. აღნიშნული გადასახადი საქართველოში პირველად 2016 წლის ივლისიდან შემოვიდა და 5% არ აღემატებოდა. 2017 წლის იანვრიდან, აღნიშნული გადასახადი 10%-მდე გაიზარდა.

აღნიშნულმა ცვლილებამ ცხადია, მყისიერად გაზარდა ფასები იმპორტირებულ საქონელზე, რამაც მოსახლეობას უბიძგა შედარებით დაბალხარისხიან, მაგრამ ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე გადასულიყო. ამის პარალელურად, იწყება ადგილობრივი წარმოების სწრაფი გაჯანსაღება და ორწლიან მონაკვეთში ადგილობრივი წარმოება 3-ჯერ იზრდება. აღნიშნულ მონაცემებს აკვირდებოდნენ, თავად ზემოთ ხსენებული “კეთილშობილური” კანონის ავტორებიც და დაუყოვნებლივ იწყებენ ახალი რეგულაციის მოფიქრებას, თუ როგორ შეზღუდონ ადგილობრივი თამბაქოს წარმოებაც.

მალევე მოიფიქრეს ახალი რეგულაცია და ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის განაკვეთი გაათანაბრეს, თუმცა არც ამჯერად უფიქრიათ რეგულაციის ეკონომიკურ ეფექტებზე.

რეგულაციამ კი საკმაოდ ნეგატიური ეფექტები გამოიწვია ქართული ბიზნესისთვის, იმდენად, რამდენადაც უფილტრო სიგარეტის 90%-ზე მეტი სწორედ ადგილობრივი წარმოების იყო. შესაბამისად აღნიშნულმა ცვლილებამ პრაქტიკულად განადგურებისთვის გაწირა ადგილობრივი ბიზნესი, რომელიც ცოტახნის წინ ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდა.   

თუთუნის დაბეგვრა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზემოთ ნახსენები მსხვერპლიც არ აღმოჩნდა საკმარისი, იმ უტოპიური მიზნის მისაღწევად, რომელსაც მომხმარებლის სიგარეტისგან დაცვა უწოდეს. მეტიც, მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე ე.წ. გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. კანონის ინიციატორებს სხვა გზა აღარც ჰქონდათ დარჩენილი და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაც, ისევ ჩვეული მეთოდით სცადეს და თუთუნიც აქციზის გადასახადით დაბეგრეს.

კერძოდ, 2019 წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით აიკრძალა ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე, ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არც ამ ცვლილების ამოქმედებისას უფიქრიათ ინიციატორებს მის სოციალურ-ეკონომიკურ მხარეებზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნულმა ცვლილებამ ამჯერად უკვე ქართველ გლეხს დაარტყა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული პროდუქტი დიდწილად სწორედ ადგილობრივი წარმოების გახლდათ.

კონტრაბანდა რომელიც ლეგალურ სექტორს ანგრევს

ზემოთ განხილული რეგულაციების კასკადისა და რეგულაციებით გამოწვეული ნეგატიური ფაქტის ფონზე, ალბათ ლოგიკური იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ ყველაფერმა ბოლოს და ბოლოს შედეგი გამოიღო და თამბაქო მართლაც ძნელად მისაწვდომი პროდუქტი გახდა. თუმცა, სამწუხაროდ პირიქით მოხდა, ადგილობრივი წარმოების გაკოტრებისა და ყველა ლეგალური არხის დახშობის შემდეგ, ქვეყანა კონტრაბანდულ თამბაქოს ვეღარ უმკლავდება. მაგალითად, თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48-მდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ გასული წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.

თუმცა, ზემოთ ხსენებულმა რეგულაციებმა და კონტრაბანდის მომძლავრებვამ, მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას არ შეუქმნა პრობლემები. მნიშვნელოვანი ფისკალური დანაკარგების წინაშეა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიც, რომელიც წლიდან წლამდე კარგავს თანხებს. მთავრობა კი ამის საპასუხოდ, მხოლოდ ბიუჯეტის ამ ნაწილში საპროგნოზო მაჩვენებლებს ამცირებს, რათა დანაკარგები თვალშისაცემი არ გამოდგეს.

მაგალითად,  2019 წლის პირველ ნახევარში აქციზების ნაწილში გეგმა მხოლოდ 83%-ით შესრულდა და მაჩვენებელი 544 მლნ ლარს არ აღემატებოდა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, აქციზიდან მთავრობა წლის პირველ ნახევარში 653 მლნ ლარს ელოდებოდა. აქციზიდან მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება 8 თვის მონაცემებითაც. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 8 თვეში, აქციზიდან 9%-იანი კლება ფიქსირდება.

არსებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ ვიგებთ, რომ მოვკალით ადგილობრივი წარმოება, გლეხსა და თვითდასაქმებულებს გამოვაცალეთ ლუკმაპურის საშოვნელი რესურსი, ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს თანხებს, კონტრაბანდა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. მაგრამ, ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ ისმის კითხვა, რისთვის დაგვჭირდა ეს ყველაფერი და რა მოგვიტანა რეგულაციებმა, რომელმაც ქვეყანას სერიოზული დარტყმა მიაყენა, არაერთი მიმართულებით.

პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – ვიცე-პრეზიდენტი.

http://bfm.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.