როგორ ქმნიდნენ გერმანელი ფიზიკოსები აფხაზეთში ატომურ ბომბს – უცნობი მასალები „კა-გე-ბეს“ საიდუმლო არქივიდან

პირველი საბჭოთა ატომური ბომბის ძირითადი ნაწილი აფხაზეთში დამზადდა და მასზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ გერმანელი ფიზიკოსები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ-ში აღმოჩნდნენ. ეს ინფორმაცია ახლახანს გახდა ცნობილი რუსეთში ყოფილი „კა-გე-ბეს” საიდუმლო არქივების გასაჯაროვების შემდეგ.

ცნობები აფხაზეში მომუშავე გერმანელი მეცნიერების შესახებ „როსატომის” ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „რუსული ატომური მრეწველობა 75 წლისაა”.

აქ მოყვანილი მონაცემების თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 300-მდე გერმანელი მეცნიერი ნებაყოფლობით, ოჯახებთან ერთად გადასახლდა სსრკ-ში. მაგალითად, ბერლინში მდებარე მანფრედ ფონ არდენეს ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა თითქმის სრული შემადგენლობა.

„როსატომი” იმ ზოგიერთი გერმანელი ფიზიკოსის პირად მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც ატომური ბომბის შექმნაზე აფხაზეთში მუშაობდნენ:

გუსტავ ჰერცი – 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.ხელმძღვანელობდა საგანგებოდ მისთვის სანატორიუმ „აგუძერას” ბაზაზე შექმნილ სოხუმის ინსტიტუტ „გ”-ს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით შეიქმნა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი.

მანფრედ ფონ არდენე – ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ „ა”-ს, რომელიც აფხაზეთში სანატორიუმ „სინოპის” ბაზაზე შეიქმნა.

პეტერ ტისენი – გერმანიაში ფიზიკური ქიმიის დარგში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო, ხოლო ომის შემდგომ აფხაზეთში ინსტიტუტის „ა”-ს დირექტორის მოადგილე გახდა.

ამავე წყაროს ცნობით, ისინი სხვა გერმანელ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ სოხუმში. შედეგად, სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე დამზადდა პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შიგთავსი, რომელიც 1949 წლის 29 აგვისტოს წარმატებით გამოსცადეს.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.