რუსული ხორცპროდუქტების გააქტიურება ქართულ ბაზარზე და ადგილობრივი კომპანიების დახურვის საფრთხე – ივანიშვილის რუსული “ოცნება”

„თუ ეს ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენც გავჩერდებით, სახელმწიფოს ბრძოლას ხომ არ დავუწყებთ, დავითხოვთ თანამშრომლებს და წავალთ სახლში“ — კომპანია  „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“ )  დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე საქართველოში რუსული ხორცის იმპორტის ზრდას აფასებს. 

სამი რუსული კომპანია ბელგოროდიდან – „ბელგრანკორმი“ „პრიოსკოლიე“ და „კოროჩა“ – საქართველოში ფრინველის,  ძროხისა და ღორის ხორცის შემოტანას იწყებს. როგორც გამოცემა  Ria  წერს, 2019 წლის აპრილში საქართველოს ვეტერინარულმა სამსახურმა რუსეთში საწარმოების ინსპექცია ჩაატარა. შედეგად, ამ სამ კომპანიას თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში უკვე შეუძლია, რადგან მათივე თქმით, ქართული კანონმდებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

იმ ფონზე, როდესაც  ხორცის მწარმოებელი კომპანიები ხმამაღლა საუბრობენ ,  თუ როგორ ყლაპავს ადგილობრივ ხორცპროდუქტებს იმპორტირებული ხორცი, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ სამი კომპანიის შემოყვანა გადაწყვიტა.  ადგილობრივი მეწარმეები ამას მათ წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებენ და მიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული შევიწროებები მათ მიმართ, მალე ხორცის ბიზნესის ჩაძირვას გამოიწვევს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „ბიუ-ბიუ“ 5-წლიანი არსებობის მანძილზე, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა და არაერთხელ გაეხვა სკანდალში, რომელსაც მისი დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე იმპორიტორებისა და ზოგიერთი ჩინოვნიკის ერთობლივ ქმედებას აბრალებს.

„ჩვენ პრობლემა არ გვაქვს კონკურენციაზე, ეს რომ ჯანსაღი  იყოს. რუსეთზე უფრო კონკურენტუნარიანი ჩვენს სფეროში უკრაინაა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გავრცელებული მეთოდია კონკურენტების ჩაგვრა. უკვე ერთი თვეა დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რამე ხარვეზი გვიპოვონ, დაიწყება ბრძოლა და სახელის გაფუჭება. უკვე დაწყებულია არაჯანსაღი კონკურენცია, ზოგიერთი ჩინოვნიკი კი ამას ემხრობა, რომ ჩვენ გავჩერდეთ. რუსული კომპანიები ერთი შემოწმების შედეგად შეფასდა და ამიერიდან შემოიტანენ თავიანთ პროდუქტს, რომელიც არავინ იცის მერე როგორი იქნება. ჩვენთან კი ორი კვირაა სურსათის ეროვნული სააგენტოს 10-ზე მეტი თანამშრომელი ზის და იკვლევს. ხელშეწყობა უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების და არა ის, რაც ახლა ხდება.  – ამბობს  რევაზ ვაშაკიძე.

ფრინველის ხორცის მწარმოებელი კიდევ ერთი ცნობილი კომპანია „მუხრანის ქათამია“. მისი დამფუძნებელი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ ჩამოტანილი პროდუქტი ადგილობრივს ანაცვლებს იმიტომ, რომ სამთავრობო დონეზე ხორცის წარმოების მიმართ დაინტერესება არავის არ აქვს და დარგი იღუპება.

„ქართული ხორცის ბაზარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს,  მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან,  კვერცხისა და ქათმის გარდა. სწორედ ამიტომ, ეს ბიზნესი საქართველოში არ ვითარდება.  რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს სფერო გათავისუფლებულია გადასახადისგან, ჩვენთან კი ასე არ ხდება.  კიდევ უფრო დაახრჩობენ ადგილობრივ წარმოებას ეს რუსული კომპანიები. რუსეთი დიდი ქვეყანაა, თავისი ნედლეული აქვს.  ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ნედლეული არ გაგვაჩნია.  მარცვლეული სიმინდიც კი არ მოჰყავთ გლეხებს იმიტომ, რომ მეფრინველეები არ ყიდულობენ. სიმინდი დაუბეგრავია, ჩვენი სფერო დაბეგრილი, ეს დაუბეგრავი სიმინდი რომ ვიყიდო გამოდის, რომ უნდა დავბეგრო.  ამიტომ ვყიდულობთ რუსულ მარცვლეულს. ვიტამინები, მედიკამენტები, ყველაფერი იმპორტირებული შემოდის და ჩვენთან წარმოება უფრო ძვირია. რუსეთს თავისი გააჩნია ყველაფერი და წარმოებაც იაფი უჯდებათ. იქიდან ჩამოტანილი ხორცი აქაურ პროდუქტს რომ ჩაანაცვლებს ეს აშკარაა.“ – ამბობს მამუკა ნოზაძე

ქართულმა მხარემ კომპანიებში ინსპექტირება აპრილში ჩაატარა, უწყების ცნობით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა დამატებითი ინსპექტირება აღარ ჩატარებულიყო.

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.