სამადაშვილი კლარკის ვიზიტზე: გზავნილი ნათელია, რომ ვაშინგტონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიას

უესლი კლარკის ვიზიტს მთავრობისთვის სიგნალს უწოდებენ ოპოზიციაში – ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სტრატეგიული პროექტი არ ჩავარდეს და საქართველოს ჰქონდეს ანაკლიის პორტი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ კლარკის ვიზიტს ძალიან მკაფიო მესიჯი ახლდა თან – ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს და უნდა აშენდეს ამერიკული ინვესტიციით.

„ანაკლიის პორტი არის გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი პროექტი აშშ-სთვის. ივანიშვილის ამოცანაა, რომ პროექტის შეჩერდეს. ამის მაჩვენებელია ვიზიტი კლარკის მხრიდან – მისი გზავნილი იყო ნათელი, რომ ვაშინგტონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ კი ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა ხაზარაძესთან მუშაობა, ვიდრე ოთხვარსკვლავიან ამერიკელ გენერალთან და წმინდა ამერიკულ ინვესტიციებთან. 

„მოინატრებენ ანაკლიის კონსორციუმს. დარწმუნებული ვარ, რომ ხაზარაძის პირობებში ხელისუფლებას ნაკლები პრობლემები შეექმნებოდა, ვიდრე პირდაპირ ამერიკელი, ოთხვარსკვლავიანი გენერლის მიერ ჩამოტანილი პროექტით“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

პოლიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ პარტნიორისთვის ლოგიკურია, რომ გამორიცხულია მისი კონკურენტების მონაწილეობა ანაკლიის პროექტში. როგორც პაატა დავითაია განმარტავს, ანაკლია აშშ-სთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და ის არ შეეგუება, რომ მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სხვასთან გადაწყვიტოს თანამშრომლობა.

„ჩვენი პარტნიორი გამორიცხავს სხვა ქვეყნის მონაწილეობას ამ პროექტში, რადგან ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი წერტილი. სხვა ქმედებები გააჩენს კითხვის ნიშნებს”, – ამბობს პაატა დავითაია. 

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი. მან შეხვედრები გამართა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით როგორც ხელისუფლების, ისე კონსორციუმის წარმომადგენლებთან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.