საქართველოს ახალი ფორმატი ევროპასთან დაახლოებისთვის – “ევროკავშირი + 3”

„აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დიალოგის ახალი ფორმატი იქმნება, რაც ექსპერტთა აზრით, დამატებითი ბერკეტია სამმა ქვეყანა – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დასახულ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის” დიალოგის ფორმატი ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ალტერნატიულ გზაა. თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც გარკვეულ სკეპტიციზმს იჩენენ შემდგომი გაფართოების მიმართ.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ საქართველომ არ უნდა შეწყვიტოს სვლა და უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროკავშირს. საქართველომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგა, ეს საწყისი ეტაპია და ინტერგაციისთვის კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

გასათვალისწინებელია ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კრახი, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსს გარკვეულწილად ამცირებს და ზრდის საფრთხეს იმისა, რომ მსგავსი სცენარი განმეორდეს სხვა ქვეყნების მიმართაც.

„ის ფორმატი, რომელიც აქამდე ევროკავშირს ამ სამ სახელმწიფოსთან ჰქონდა, მოძველდა. სამივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრია, ამასთან, ასოცირებული ქვეყანაა. მათი სურვილია მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში. საბოლოო მიზანი კი უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრები გახდნენ.

“მიუხედავად იმისა, რა პრობლემებია ევროპაში, მათ შორის გარკვეული სკეპტიციზმი გაფართოებასთან დაკავშირებით, ამას ემატება პრობლემები ემიგრაციასთან და ბრექსიტთან დაკავშირებით, გაფართოების საკითხმა გადაწია,” – აცხადებს „რეზონანსთან” „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია.

სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რაც პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რასაც სწორედ ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს. („აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნები არიან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივა სამი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების დამატებითი მექანიზმია იმ ჩარჩოსთან ერთად, რომელიც („აღმოსავლეთ პარტნიორობის”) არსებობს.

“საუბარია პოსტსაბჭოთა სამ სახელმწიფოზე, რომელთაც სრული პოლიტიკური ნება აქვთ და ასევე მზადყოფნა ამ მიმართულებით იმოძრაონ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მექანიზმში ჩართული ქვეყნები ამას ეფექტურად გამოიყენებენ, რადგან ფორმალურად ამა თუ იმ ფორმატის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს.

“ამისათვის საკმარისი გამოცდილება აქვთ დიპლომატიურ სამსახურებს, სამივე ქვეყნის ლიდერებს. მთავარია, როგორც ქვეყნის შიგნით რეფორმები, ისე ჩვენი დიალოგის შემდგომი გააქტიურება, ევროკავშირთან მივაღწიოთ წინსვლას და პროგრესს,” – აღნიშნავს „რეზონანსთან” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავსა და მის მომავალს ეძღვნება, რაც ასევე ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ დღის წესრიგს ასახავს. ამ სამი სახელმწიფოს ინიციატივაა, დაფუძნდეს „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის” დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით.

გარდა ამისა, სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება).

ამასთან, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფორმატის შემდგომი, გრძელვადიანი სტრატეგია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც გზას გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

სამივე ქვეყანა გმობს მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ევროკავშირს მოუწოდებს უფრო აქტიურად ჩაერთოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში და ხელი შეუწყოს მათი ტერიტორიებიდან არალეგალურად განლაგებული ჯარების გაყვანას.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება გაწევრიანების შანსი არ იყოს, ევროკავშირს ინსტიტუციონალურად უნდა დავუახლოვდეთ და ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც ამის მიღწევის საშუალებას იძლევა, ამ სამი ქვეყნის ლიდერებისგან მისასალმებელია. მცდელობად უნდა განვიხილოთ ეს ალტერნატივა. ბუნებრივია, ეს ვერ ცვლის დღევანდელ რეალობას, მაგრამ ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვენლოვანია სამივე ქვეყნისთვის,” – ამბობს კაკაჩია.

ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ევროკავშირს უფრო მეტად მიუახლოვდეს, რადგან „ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია”.

„სამივე ქვეყნას ევროკავშირთან ინტეგრაციის ამ პროცესში გასავლელი აქვს უზარმაზარი გზა. სერიოზული სამუშაო არის საჭირო იმისათვის, რომ რეალიზდეს ჩვენი ეკონომიკური დაახლოება. ამას სჭირდება კარგად მორგებული ინსტრუმენტი. მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს ფორმა იყოს სწორედ ამ ინსტრუმენტის როლის შემსრულებელი.

„გარდა ამისა, ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას უამრავი სხვადასხვა ასპექტი აქვს; დაწყებული პოლიტიკურით, დასრულებული უსაფრთხოებით თუ სხვა. ყველა ამ სფეროში არის უამრავი სამუშაო. გამარტივებული სავიზო რეჟიმით მოსახლეობის გადაადგილება, ეს მნიშვენლოვანია, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობის მხოლოდ ერთი ელემენტია.

“ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი უფრო დიდი და მასშტაბური, ამ ყველაფერს სჭირდება ორგანიზება და მუშაობა. ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადავდგით ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია,” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ვერ მოხდა შეთანხმება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით, ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა დასრულებულიყო.

ალბანეთთან მოლაპარაკებების დაწყებას რამდენიმე ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, მათ შორის საფრანგეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხი კი მხოლოდ საფრანგეთმა დაბლოკა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირში მიღების პროცედურის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე, რამდენად რეალურია იგივე განმეორდეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაშიც? – ამ ფაქტს არასასიამოვნო პრეცენდენტს უწოდებს კორნელი კაკაჩია, თუმცა, აცხადებს, რომ „უნდა ვეძებოთ ალტერნატიული გზები.”

„ვნახეთ მაკედონიის და ალბანეთის მაგალითი, საფრანგეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა ინტეგრაციაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა ძალიან ცუდი პერიოდია, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ლიდერები ვერ დაელოდებიან როდის გამოკეთდება კონიუნქტურა ჩვენ სასარგებლოდ.

“დღეს ევროკავშირში საკმაოდ სკეპტიკური განწყობილება არსებობს გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ მაკედონიის დაბლოკვამაც ამაზე მიანიშნა. ისინი ჩვენზე წინ არიან ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ალბანეთისა და ჩრდილეთ მაკედონიის გაწევრიანებას ვეტო დაედო, მაგრამ ორივე სახელმწიფომ შეასრულა ის მინიმალური ვალდებულებები, რაც მათ წინაშე იყო.

„ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, თუკი მათზეც არ არის კონსენსუსი, ბუნებრივია ძალიან რთულია საქართველოს შემთხვევაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ და არაფერი გავაკეთოთ, პირიქით. უნდა ვეძებოთ ალტერნატიული გზები.

“ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოები თავის დროზე, როდესაც დასავლელი ლიდერები ეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს გახდებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რადგან „თქვენ ხართ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო,” „რუსეთი ამას არასდროს დაუშვებს” და ა.შ. თუმცა, გააგრძელეს ეს რეფორმები და იცოდნენ, რა იყო მათი საბოლოო სტრატეგიული მიზანი. დღეს მიაღწიეს ამ მიზანს. საქართველოს შემთხვევაშიც იგივე უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.