საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გადაიბარა

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა, რომელიც თავდაცვის ძალებს 2018 წლიდან მეთაურობდა.

გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გამოჩენილი ნდობისთვის და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„მსურს გულითადი მადლობა გადავიხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრს, მისი დაუღალავი შრომისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ყოველდღიურად ავითარებს და აუმჯობესებს, როგორც თითოეული სამხედრო მოსამსახურის, ისე თავდაცვის ძალების მთლიან მდგომარეობას. მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მკვეთრად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების აღჭურვილობისა და ეკიპირების ხარისხი, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებების, როგორც ხარისხობრივ, ისე რიცხობრივ ზრდაზე. დღის წინაშე დადგა ასევე, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის აღორძინება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პირდაპირ აისახება თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების პროცესზე, რომელშიც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების პროცესის ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა, რათა შესაძლებელი გახდეს საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში ასევე მიმდინარეობს რეზერვისა და სანავიგაციო სისტემის განვითარების პროცესი. აღნიშნულის დადასტურებაა ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის ქვედანაყოფების ჩამოყალიბების წარმატებული პროცესი, რომელმაც უკვე მოიცვა აჭარის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. ჩვენი მიზანია აქტიური რეზერვის ქვედანაყოფები წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ყველა რეგიონში”, – განაცხადა მათიაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.