„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებს ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს და თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთები გვსურს, საჭიროა სწრაფად ვვითარდებოდეთ და ინფლაციის დონეც დაბალი იყოს.

„ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები იმის შესაბამისია, როგორი ეკონომიკური  მდგომარეობაც აქვს მას, შესაბამისად ჩვენ უნდა შევედაროთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც განვითარების დაახლოებით ჩვენნაირი ეტაპზე არიან და ამის მიხედვით უფრო  ობიექტური იქნება იმის დასკვნა, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები როგორია. თუ გვინდა დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდიოდეს, უფრო სწრაფად ვიზრდებოდეთ და საერთაშორისორეიტინგებში დავწინაურდეთ. ეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 9%-ია, რასაც ბანკის პროცენტი ემატება, მაგრამ უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხი ისტორიულ მინიმუმზეა. თუ გვინდა შევედაროთ აშშ-ს, გერმანიას და პოლონეთს ეკონომიკური მდგომარეობით მათ უნდა მივუახლოვდეთ. უძრავი ქონების დიდი უმრავლესობის შეძენა იპოთეკური სესხით ხდება, თუ სესხზე საპროცენტო განაკვეთი იმატებს, ქონების გაყიდვა თავისთავად შემცირდება. საპროცენტო განაკვეთები იმის გამო გაიზარდა, რომ ინფლაცია მაღალი იყო, შემდეგ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა გაამკაცრა, რამაც ეკონომიკური ზრდა შეანელა და ეს  უძრავი ქონების ბაზარზე თავისთავად უარყოფითად აისახა“, – განმარტავს გიორგი კეპულაძე.

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ იპოთეკური სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთს საქართველოში მონოპოლიზირებული საბანკო სექტორი და არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო განაპირობებს.

„იპოთეკური სესხი არის ის, რისი საშუალებითაც ადამიანს თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. საქართველოს პირობებში სადაც ხელფასი, „საქსტატის“ აბსურდულ მონაცემებს თუ არ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 500-600 ლარია, გამოდის რომ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ადამიანმა უძრავი ქონება შეიძინოს – იპოთეკური სესხია. ის რომ სესხები მაღალია, ამის ერთ-ერთი ფაქტორი მონოპოლიზირებული საბანკო სექტორია, იმის მიუხედავად რომ ქვეყანაში 19 კომერციული ბანკია, რეალურად ბაზარი 4 დიდ ბანკს აქვს მონოპოლიზირებული. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ამ ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, საერთაშორისო კომპანიების გასვლა მოწმობს, მაგალითად Societe Generale-მა და „ლიბერთი ბანკის“ უცხოელმა პარტნიორმა ბაზარი მალევე დატოვეს. ქვეყანაში რეალურად 4 ბანკი წყვეტს რა უნდა იყოს საქართველოში სესხის ფასი. მაღალს სესხს არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და მაღალი ინფლაციაც განაპირობებს. თუ გავიხსენებთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეგულაციებს, ამან კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო მსესხებლები და დეველოპერები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სამშენებლო სექტორი ყველაზე მეტად რაზეც წუხდა საბანკო რეგულაციების შემდეგ კიდევ უფრო შემცირებული გაყიდვები იყო. აღსრულების მაჩვენებლებიც კი ამაზე მიუთითებს, აღსრულებაში იპოთეკური სესხით უზრუნველყოფილი ქონების რაოდენობა გაიზარდა, იმიტომ რომ ხალხი ვეღარ ახერხებს მაღალპროცენტიანი სესხების გადახდას.

ამ მონაცემების მიხედვით, რეგიონში ძალიან ცუდი მაჩვენებელი და ყველაზე ძვირი სესხი გვაქვს, სესხის სიიაფით გვისწრებს აზერბაიჯანიც, სომხეთიც და რუსეთიც, რაც საინვესტიციო თვალსაზრისითაც ცუდია, რადგან რომელიმე დეველოპერს რომ უნდოდეს ქვეყანაში შემოსვლა, ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ძვირი სესხი ავტომატურად ნაკლებ მყიდველს ნიშნავს, იმ პირობებში როდესაც იპოთეკური სესხი ქვეყანაში ასეთი ძვირია, ეს თავისთავად სამშენებლო ბიზნესს აზარალებს და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს. თუ იპოთეკური სესხი გაიაფდება, ეს თავისთავად მომიჯნავე სექტორებზეც დადებითად აისახება“, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია შემდეგია:

1. ფინეთი – 1,46%

2. იაპონია – 1,48%

3. სლოვაკეთი – 1,60%

4. შვეიცარია – 1,61%

5. საფრანგეთი – 1, 64%

6. დანია – 1,77%

7. ბელგია – 1,82%

8. გერმანია – 1,88%

9. ტაივანი – 1,89%

10. იტალია – 1,99%.

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.