საქართველოში კიბერდანაშაული ხუთჯერ გაიზარდა – ექსპერტები რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებას ვარაუდობენ

კიბერდანაშაული საქართველოში ხუთჯერ გაიზარდა – 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს თითქმის ხუთჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან 2020 წელს მსგავსი საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება –  არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსული სპეცსამსახურები ამ მიმართულებით კიდევ გააქტიურდებიან.  

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ საჭიროა ეროვნული სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ინტერნეტდანაშაულს. ანდრო გოცირიძე ფიქრობს, რომ ამ მხრივ სამუშაო ბევრია.

„საქართველო პირველად 2008 წელს შეტევის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა და შემდეგ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ისე რომ რეიტინგებში საკმაოდ კარგი პოზიციონირება გვქონდა. ამ მხრივ, ბოლო დროს ჩავარდნები გვაქვს, რადგან არ არსებობს ეროვნული სტრატეგია, არ არსებობდა მაკოორდინებელი ორგანო. თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდასავლური განწყობების პროვოცირება. დღეს შულავერის კომიტეტის შექმნას არ სჭირდება პროკლამაციები, მარტივად ხდება ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით”, – აცხადებს ანდრო გოცირიძე.

ოქტომბერში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას მწვავედ აფასებს დარგის სპეციალისტი ლაშა პატარაია. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

„ყველაზე სავალალო და მწვავე რაც დავინახეთ, გახლდათ ის, რომ რამდენიმე საათში შესაძლებელი გახდა სრული საინფორმაციო სივრცის გამორთვა. მოხდება ხოლმე რაღაც მასობრივი შეტევა, მერე ხდება რეაგირება, შესაძლოა იყოს დაგვიანებულიც. რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან, მით მეტს ვიხილავთ. მედიასაშუალებების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი და, ამავდროულად, ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ რუსეთის წინააღმდეგ”, – ამბობს ლაშა პატარაია.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი კარგად ინცობს რუსულ მეთოდებს და ყველაზე დიდ პრობლემად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებენ.

„მოსახლეობა იმდენად კარგად იცნობს რუსულ რბილ და ხისტ ძალასაც, რომ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. მთავარი ანტიდასავლური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ყველა განშტოებით”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში ქართულ საიტებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შემდეგაც  გაითიშა რამდენიმე ათეული როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ვებგვერდები.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია