საქართველოში ჰაერი მნიშვნელოვნად გასუფთავდა – დედამიწაზე მასშტაბური გაჯანსაღება დაიწყო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გამოჩენას უარყოფით მოვლენებთან ერთად, გარკვეული დადებითი ფაქტორიც ახლავს. ამის შესახებ სპეციალისტები მას შემდეგ საუბრობენ. რაც მსოფლიო მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა და დედამიწამ, ფაქტობრივად, „ამოისუნთქა.” ეკოლოგების ნაწილის თქმით, როდესაც არსებული ვითარება გამოსწორდება და ეპიდემია გადაივლის, მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

ბოლო კვირებში სახელმწიფოების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც არის ფრენების აკრძალვა, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და ქალაქებში ავტომანქანების რაოდენობის შემცირება, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ვარდნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. აღნიშნავენ სპეციალისტები.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო გახდა მკაცრი ზომების გატარება, რის შედეგადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის მთავარი ქალაქები ადამიანებისგან დაცარიელდა, რამაც ჯანმრთელობის კუთხით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, – ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ევროპის გარემოს სააგენტო (EEA) იუწყება.

იგივე შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებითაც: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. 15 მარტიდან ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი „ინტერპრესნიუსთან” აცხადებს.

ეკოლოგი და „ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი „რეზონანსთან” იმ ფაქტორებზე საუბრობს, რამაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებას ხელი შეუწყო. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ამ მაჩვენებლის შენარჩუნებას გაამარტივებს:

„დედამიწის მასშტაბით არის გარემოს მნიშვნელოვანი გაჯანსაღება, პირველ რიგში ჰაერის დაბინძურების კუთხით, რაც საქართველოში ორმაგად შეინიშნება. საერთაშორისო კვლევების თანახმად, სერბეთის შემდეგ საქართველო იყო მეორე ადგილზე ჰაერის დაბინძურების მხრივ. ჩვენთან ორმაგად შესამჩნევია გარემოს გაჯანსაღება, მით უფრო, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი დამოკიდებულია ავტოტრანსპორტზე, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად შეიზღუდა.

„ჩვენთან წარმოება არ არის განვითარებული, ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა, პირველ რიგში ეპიდემიის დამარცხებაა მნიშვნელოვანი.

„რამდენად გაიაზრებს კაცობრიობა იმას, რომ ჭარბი მოხმარება, სამწუხაროდ ეს არ ეხება საქართველოს, მეტ-ნაკლებად განსავითარებელია, – დამზოგავი ტექნოლოგიები, გლობალურ-კლიმატური ცვლილებების პრობლემა და მრავალი სხვა, ორიენტირიბული უნდა იყოს არა ცალკეული პირების და მსხვილი კომპანიების გამდიდრებაზე, არამედ საზოგადოების თანაბარ განვითარებაზე.

„ამ შემთხვევაში ის დროებითი ეფექტი, რომელიც გარემოს გაჯანსაღებას დაეტყო, მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისევ იქ დავბრუნდეთ, სადაც ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენდა, მათ შორის ეპიდემიებზე.

„არსებობს კვლევები, რომლებიც წინასწარ განჭვრეტენ, რომ კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა გზით, ხელს უწყობს მათ შორის ეპიდემიების გავრცელებას,” – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.