საქართველოში 2019 წელს 48 296 ბავშვი დაიბადა

2019 წელს საქართველოში 48 296 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს. მათი მონაცემებით, 2019 წელს დაბადებულთა 25 029 ბიჭი და 23 267 გოგონა.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.6 პროცენტით. 2019 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 022 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).

2019 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 31.1 პროცენტიდან 30.0 პროცენტამდე შემცირდა.

40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი 2.9 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი თითქმის უცვლელია. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) და 7.9 პრომილე შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე.

ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად 3,989,167 ადამიანი ცხოვრობს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.