„საქართველო არ არის თქვენი პირადი დუქანი, ამ ხალხის სიკვდილსა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი იქნებით თქვენ, საუბარია მინიმუმ 10 ათასი ქართველის ბედზე“ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მიმართავს

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ქართველების ჩამოყვანასა და თვითმფრინავების დაშვების ნებართვის გაცემაზე, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მოგმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ისევ მიმართავს. სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს მისი შეთავაზება და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველების ჩამოყვანაში მას ხელი არ შეუშალოს.

„თუ გაქვთ გაანალიზებული, ვის ჩამოყვანაზე ამბობთ უარს, აქ არის კონკრეტულად, მაგალითად, ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი, რომელსაც დაეღუპა პატარა შვილი, ისინი ცდილობენ ჩამოსვლას და თავიანთი შვილის ჩამოსვენებას, აქ არის ინსულინზე მიმაგრებული, დიაბეტით დაავადებული, რომელსაც არ მიუწვდება ხელი ინსულინზე და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიღუპოს, აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და არ მიჰყავთ საავადმყოფოებში, უბრალოდ არ აქვთ დოკუმენტები, აქ არის უამრავი უფულო ადამიანი, ვისაც საჭმლის ფული არ აქვს, მითუმეტეს ბილეთის ფული, ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს, ნუ აიღებთ თქვენ თავზე ათი ათასი ადამიანის ცოდვას. ჩვენ ჩამოგვყავს ათასი ეგრევე და კიდევ მოგვყავს 4 ათასი იტალიიდან, ესპანეთიდან, ასევე ავტობუსით საბერძნეთიდან და თურქეთიდან, დაგეხმარებით ხალხის კარანტინის უზრუნველყოფაში, ნუ აიღებთ ცოდვას და პასუხისმგებლობას ამ 10 ათასი ადამიანის.

საქართველო არ არის თქვენი პირადი დუქანი და შეწყვიტეთ ეს ლაპარაკი „ჩვენ არ გაგვიშვია ეს ხალხი იქით“ , „არ გვეკითხებოდნენ რომ მიდიოდნენ“. თქვენი უფროსი, ივანიშვილი ერეკებოდა ამ ხალხს სიტყვით და საქმით ბოლო თვეებში და კეთილი ინებოს, როგორც გაუშვა ხალხი, ასევე აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინიმუმ იმისა, რომ ხელი არ შეგვიშალოს, რომ ეს ხალხი დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს. ამ ხალხის სიკვდილსა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი იქნებით თქვენ, საუბარია მინიმუმ 10 ათასი ქართველის ბედზე, ამიტომ შეწყვიტეთ ხელის შეშლა, დამხარება თქვენგან არაფერში არ გვჭირდება, ერთადერთი კარანტინი ყველამ ერთად მოვაწყოთ ისე, რომ სხვებს არ შეექმნათ საფრთხე, მაგრამ ხალხის გაჭირვებაში დატოვება არავის გეპატიებათ, გახსოვდეთ ეს კარგად! “ , – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.