საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს – 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, სომხეთისა – 5.4%-ით

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, სომხეთისა – 5.4%-ით, აზერბაიჯანი – 2.5%-ით.

4.5-5% – ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.

ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებას გააგრძელებს, რაც რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების დაჩქარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა.

სებ-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ზრდის პირობებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს, წმინდა ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის ზრდა გარკვეულწილად ანეიტრალებს.

საბაზო სცენარში რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი 2020 წელს 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ კი, მოსალოდნელია ეკონომიკური დონის 5 პროცენტამდე გაუმჯობესება.

ამ დროს უფრო მაკრძალებულ პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეს რეგიონის საერთო მაჩვენებელზე – 3.7% – მაღალია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.

თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია მიმდინარე წლისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველოსა და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია წლის მეორე ნახევარში.

გაეროს აზალიზის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოს მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აკადემიკოსი, ავთანდილ სილაგაზე ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველო შორსაა მშპ-ს ზრდის იმ ტემპისაგანაც კი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.

,,პროგნოზი ნამდვილად არის რეალური. მონაცემი როგორც საერთაშორისო ორგანიზაცების, ისევე ეროვნული ბანკის საკმაოდ დაახლოებულია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ეს არის საქართველოს მაქსიმუმი. მეტი რესურსი აქ არ არის. რასაკვიველია ეს მაჩვენებელი არის არა საკმარისი. თუკი გავითვალისწინებთ რეგიონის ქვეყნებს, იქაც კი აღარ გვაქვს ის უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად იყო. ჩვენი ვექტორი ევროკავშირია და ამ მაჩვენებელთან მიახლოებისათვის ეს ტემპი ძალიან დაბალია. 

მსოფლიო ეკონომიკა გასაგებია რომ ორჯერ ნაკლებით გაიზარდა ვიდრე საქართველოსი, მაგრამ ისინი არ არიან განვითარებადი ქვეყნები და შესაბამისად, გააჩნია ნაზრდი რამდენია ევროკავშირის კრიტერიუმით, ამ ტემპით ძალიან შორს ვართ სტანდარტისაგან რომლის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს”, – აღნიშნა სილაგაძემ “რეზონანსთან” საუბრისას.

სამეზობლოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან კიდევ რამდენიმეს უკეთესი მაჩვენებლები აქვს: 

საქართველო – 4.5%, სომხეთი – 5.4%, აზერბაიჯანი – 2.5%,  რუსეთი – 1.8%, უკრაინა – 3%, ბელარუსი – 2%, მოლდოვა – 3.9%, ყირგიზეთი – 4.5%, ტაჯიკეთი – 6%, უზბეკეთი – 5.7%, ყაზახეთი – 3.5%, თურქმენეთი – 5.6%.

თამარ მუკბანიანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.