საქართველო ერთ დღეში 3.5 მლრდ ლარით “გამდიდრდა” – ივანიშვილის და მისი “ოცნების” მორიგი აფერისტობა ხალხის დასაბოლებლად?

საქართველო უცებ “გამდიდრდა” და თანაც ერთბაშად 3,5 მლრდ  ლარით. სინამდვილეში კი “საქსტატმა” დათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელმაც ჩრდილოვანი ეკონომიკური სექტორები აღრიცხვის ახალ სფეროში გადაიყვანა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი მეთოდი უფრო მეტად ასახავს რეალობას, თუმცა ნახტომისებური ზრდის ჩვენებით, ხელისუფლება, რომლის საყვარელი საქმეც ციფრებით მანიპულირებაა, საარჩევნო წელს აუცილებლად ისარგებლებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნული ანგარიშების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე – SNA 2008-ზე გადავიდა. აქამდე “საქსტატი” მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდოლოგიით ითვლიდა. ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად, შეიცვალა ის წესები, რომლითაც საქსტატი ცალკეულ ეკონომიკურ ოპერაციებს აღრიცხავს, ამის შედეგად კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა გაიზარდა. 

განახლებული შეფასების შედეგად, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკის ზომა 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც აქამდე არსებულ 41.1 მილიარდთან შედარებით, 8.5%-ით მეტია. 

“ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები, ძირითადად, დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან,” – ნათქვამია “საქსტატის” ანგარიშში.

2018 წლის განახლებული შეფასების გამოქვეყნებასთან ერთად, “საქსტატმა” წინა წლების მწკრივებიც გადაიანგარიშა. რის შედეგადაც ირკვევა, რომ 2018 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი არა 4.7%, არამედ 4.8% იყო.

ახალი მეთოდოლოგია მნიშვნელოვანი და რეალობის ადეკვატურად ამსახველია, – ასე აფასებს ცვლილებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. რას მოუტანს იგი ეკონომიკას, ამაზე საუბარი ნაადრევია.

“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტი საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა ეყრდნობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველი სახელმწიფოს მაკროეკონომიკური, სექტორალური თუ დარგობრივი საქმიანობის შედეგების ამსახველი ინდიკატორები. მისი მეშვეობით ყალიბდება რიცხვები, მონაცემები, რომლებიც შემდეგ ხდებიან პოლიტიკოსებიდან დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, დასკვნების, შეფასებებისა და მოქმედების მნიშვნელოვანი საფუძვლები. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გავიმეორებ: არასწორ და არასრულ ინფორმაციას ყველაზე მოკლე გზით მივყავართ არასწორ დასკვნებამდე და არარაციონალურ მოქმედებებამდე, რომლის საზღაური რეალური მასშტაბების დადგენა შემდეგ საკმაოდ ძნელი ხდება.

ეროვნულ ანგარიშთა ბოლო მეთოდოლოგია, აღნიშნული სისტემის შემოღების შემდეგ რიგით მეოთხეა. წინა მეთოდოლოგიები მიღებული იქნა 1953, 1968 და 1993 წლებში და ისინი პასუხობდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც განვითარების კონკრეტულ ეტაპზე წარმოიშობოდნენ ეკონომიკაში.

რას იძლევა ახალი მეთოდოლოგია? მოკლედ თუ ვიტყვით, უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე, მთლიან შიგა პროდუქტზე და ამ უკანასკნელის ცალკეულ კომპონენტებზე”, – აცხადებს სტატისტიკოსი “რეზონანსთან”. 

მეთოდოლოგიის ცვლილებას საარჩევნო წელს, ხელისუფლებისათვის სპეკულირების შანსის მიცემა რომ შეუძლია, ეს კარგად იცის ,,ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ. თუმცა, მისი აზრით, ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვად სფეროში გადმოტანას ემსახურება. 

,,მეთოდოლოგიური ცვლილებები მდგომარეობდა იმაში, რომ დაკვირვების ქვეშ მოქცეულიყო აქამდე, ჩრდილში მყოფი ეკონომიკა. აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, მაგალითად, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებით მუშაობენ, მოექცა დათვლის ქვეშ. ბინის გაქირავება მათ შორის და ა.შ. სწორედ ამან გამოიწვია ზრდა, რადგან ჩრდილიდან გადმოვიდა ტექნიკურად აღრიცხულ სფეროში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს რეალობის უფრო ზუსტ ასახვას. 

მეორე მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იქცეს ხელისუფლების სატრაბახო თემად და ისეთი ტიპის რეიტინგებში, რომლებიც სწავლობენ მთავრობის ზომას, წინაც წავიწევთ, შუმცა, აქედანვე უნდა ითქვას, რომ ეს იქნება მარტოოდენ  მეთოდოლოგიისა და არა რეალური ცვლილების გამო”, – განუცხადა “რეზონანსს” შეშელიძემ.

საქართველოში ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგია 15 ნოემბრიდან  დაინერგა, რომელსაც ევროკავშირი და ჯამში მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს.

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.