საქართველო მინუს უკრაინა – “უფროსების ჩხუბში ელჩი გაიჭყლიტა”

ის კიევიდან აფრინდა. ამათ თბილისში გააფრინეს. ის, თურმე, ანტონოვის ავიაკონცერნის მონახულებისას სიმულატორზე დაფრინავდა. ამათი გადელება კი სიმულირებული ნამდვილად არ იყო. ივანიშვილის რაზმი შეიკრა და ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იგრძნო თავი.

უფროსების ჩხუბში ელჩი გაიჭყლიტა. სააკაშვილს ვერა, მას კი აუსრულეს და კიევიდან, როგორც ამბობენ, სპეცრეისით ჩამოიყვანეს. კონსულტაციებისთვის. ასე ჰქვია.

თენგიზ ფხალაძისა და სხვათა შრომით სამი წლის წინ საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. იმის გაფორმებას, რაც იქამდე 25 წლის მანძილზე შენდებოდა. რისთვისაც იბრძოდა ორი ასეული უკრაინელი აფხაზეთში, რისთვისაც მუშაობდნენ უკრაინელი მფრინავები კოდორში, რისთვისაც იბრძვის ასობით ქართველი უკრაინაში დღეს.

საქართველოს ელჩი რუსეთიდანაც კი არასდროს გამოუწვევია. 2008 წლამდე. ყველა ომისა და უბედურების მიუხედავად, რაც ამ ქვეყანამ დაგვმართა. მაგრამ ჩათვალა, რომ სააკაშვილის დანიშვნა გამოგონილ მეათეხარისხოვან თანამდებობაზე ღირს პირველხარისხოვანი მეგობრისა და პარტნიორის მტრად მოკიდებად.

ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოსთვის იყო და არის შანსი, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დღის წესრიგში დაებრუნებინა. მაგრამ, პუტინისთვის კოჭის გასაგორებლად, განზრახ თქვა უარი საკუთარი მიწების ოკუპაციის, როგორც სანქციების დამატებითი მიზეზის გამოყენებაზე. და არც თავად შეუერთდა რუსული კომპანიებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების 99 პროცენტს. ამიტომაა გასაკვირი, რამ გაგაკვირვათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მართლმადიდებელი ბოლშევიკის, სერგეი გავრილოვის მნახველებს.

მოლდოვაზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს ტანდემი უკრაინასთან არა თვითმიზანი, არამედ ფორმატია, რომელიც მაქსიმალურად მოხერხებულად ერგება თავად ამ ქვეყნებისა და დასავლეთად წოდებული სივრცის ინტერესებს.

ფოკუსი შავი ზღვისკენ სრულიად ბუნებრივად იჩოჩებს. ოღონდ ამისთვის ყველაზე დიდი მადლობა პუტინს ეკუთვნის. მას რომ ამ ზღვის ორი მონაპირე ქვეყნის მიწები არ მიეტაცებინა, დასავლეთი მის ბირთვულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებას ისევ თავს აარიდებდა. ახლა კი ნატო-საქართველოსა და უკრაინას მუდმივად ერთ გუნდად ახსენებს, წევრობასაც ერთად პირდება და ამისთვის ერთობლივად ამზადებს

„უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება გადავწყვიტეთ. მათ შორის შავ ზღვაზე წვრთნებისა და ჰიბრიდულ ბრძოლაში ერთობლივი მუშაობით. მეტად გავცვლით საჰაერო რადარების ინფორმაციას, რაც ცას ყველა ჩვენგანისთვის უფრო უსაფრთხოდ აქცევს. პაკეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დავამტკიცეთ, ითვალისწინებს წვრთნებს და ნატოს განათლების პროგრამებთან მეტ წვდომას”, – ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველაფერი ეს რამდენიმე კვირის წინ თქვა, უკვე გაქანებული პანდემიის პირობებში. თქვა იმათთვის, ვისაც ეგონა, რომ ახალი ეპიდემიური საფრთხის გამო ვინმეს ძველი სამხედრო საფრთხეები და პოლიტიკური პერსპექტივა დაავიწყდებოდა. და ეიმედებოდა, რომ ვირუსი შეცვლიდა დასავლეთის გეგმას.

დასავლეთ ბალკანეთი, ნატოსა და ევროკავშირის უშუალო მეზობელი, ერთ ორგანიზაციაშიც ომახიანად შედის და მეორეშიც. ერთ ორგანიზაციასაც და მეორესაც ესაზღვრება უკრაინა, რომელიც საქართველოზე 10-ჯერ დიდია და, გულზე ხელი დავიდოთ, უფრო მნიშვნელოვანიც. მასთან პარტნიორობით, მართლა გოიმები თუ არ ვართ, დაინტერესებულები ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ, ვიდრე უკრაინა.

საქართველო-უკრაინის ტანდემს რომ კიდევ აქვს შანსი, ახლა მხოლოდ კიევის დამოკიდებულება გაფიქრებინებთ. უკრაინის ელჩი საქართველოში, სამდღიანი თხოვნის მიუხედავად, ცოცხალი თავით არაფერს ამბობს, ჩემმა პრეზიდენტმა უკვე ახსნა ყველაფერიო. ზელენსკიმ მეგობრის სიტყვა მართლა თქვა.

ტანდემის შენარჩუნებას ორიდან მხოლოდ ერთი თუ ცდილობს, კარგია, მაგრამ საკმარისი არაა. მეორეს, ანუ საქართველოს, კიევში ელჩის დასაბრუნებლად, ანუ, სტატუს-ქვოს ფორმალურად აღსადგენად, პირობა აქვს – მიჰა არ ჰაერიოს საჰართველოს საჰმეებში.

ოლიგარქის რაზმი ამბობს, რომ ყურადღებით კიევს აკვირდება, სინამდვილეში კი, დაჟინებული მზერით, სულ სხვას და სულ სხვაგან უყურებს. უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ნგრევით ივანიშვილი აგებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, სამაგიეროდ იგებს პუტინის გულს. პუტინი კი, თითის გაუნძრევლად, უკვე მერამდენედ ამ საუკუნეების განმავლობაში, იგებს საქართველოსა და, მისი გავლით, კავკასიას.

რაც უფრო დაჟინებით დააკვირდებიან ივანიშვილი და მისი რაზმი კიევსა და იქ სიმაღლეზე აჭრილ სააკაშვილს, მით მეტად დასცილდებიან ერთმანეთს საქართველო და უკრაინა. მით მეტად გართულდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს შავი ზღვის სტაბილურობის პროგრამის განხორციელება. ჩვენთვის, თორემ უკრაინისთვის არაფერი ჩერდება. თავში რომ გითხარით, იმ ფრენის სიმულაცია დაივიწყეთ – ჩვენი საერთო საქმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რეალური ფრენა გუშინწინ შედგა – ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გადმოიფრინეს ოკეანე და უკრაინულ, რუმინულ და თურქულ გამანადგურებლებთან ერთად შავი ზღვის თავზე ერთი კაი სწავლება ჩაატარეს ჯიგრულ-ამერიკული პონტში.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.